ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს პეტიციით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მიმართეს, რაც ფინანსის და მიწის გამოყოფასაც ითვალისწიბნებდა.
„გურია ნიუსი“ მაშინ წერდა, რომ პეტიცია შეიტანეს მოქალაქეებმა და მოითხოვეს, რაკი ოზურგეთში არ არის სასაფლაო, სადაც საზოგადო მოღვაწეებს დაასაფლავებენ, ამიტომ გამოიყოს ადგილი პანთეონისთვის.
მაშინ დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისიც აღნიშნა, რომ პანთეონის გახსნის შესახებ, ადრეც იყო საუბარი და პანთეონის დაარსებისა და მასში დაკრძალვის რეგულაციები ქალაქის საკრებულომ 2013 წელს მიიღო.
საკრებულოზე განაცხადეს, რომ დარეგისტრირებიდან ერთი თვის ვადაში, ანუ 19 დეკემბრისთვის, 325 ხელმომწერი უნდა შეაგროვონ ინიციატორებმა და მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაწყდება პანთეონის გახსნა.
ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ, რედაქციას მომართა ოზურგეთის მკვიდრმა, ხელოვანმა ნანი ჭანუყვაძემ და ითხოვა დახმარება. კონკრეტულად, ის ამბობს, რომ დიდი ხნის წინ ითხოვდა შემოქმედის პანთეონის გახსნას, რაც მოიცავდა მთელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.
_ეს არის ჩემი იდეა. 2009 წლიდან ამ იდეის თაობაზე, როგორც „გურია ნიუსში“ , ისე სხვა მედიაშიც გამოქვეყნებული მაქვს წერილები. ჯერ კიდევ 2009 წელს 500-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე. ახლა რატომ უნდა წამართვან ეს იდეა? მით უფრო, ვთვლი, რომ ვიღაცამ მიითვისა სწორედ იმიტომ, რომ მე აქტიურად ვიბრძოდი და ვბეჭდავდი ამის შესახებ და დაწერილის და გავრცელებულის მითვისება ადვილია , _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ნანი ჭანუყვაძე.
ჩვენ მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც განგვიმარტეს, რომ პეტიცია შესულია მოქალაქეთა მხრიდან პანთეონის გახსნის თაობაზე, თუმცა, ქალბატონ ნანი ჭანუყვაძესაც აქვს უფლება, შემოიტანოს ანალოგიური განცხადება _ გვითხრეს საკრებულოში.
მართალია, ამის შემდეგ ნანი ჭანუყვაძემ თავადაც შეიტანა პეტიცია, თუმცა ის ითხოვს მოქალაქე ზურაბ თავბერიძის მიერ შეტანილი პეტიციის გაუქმებას და არ აპირებს, მასთან ერთად დარჩეს პანთეონის გახსნის ინიციატორთა სიაში.
„გურია ნიუსი“ ასევე ეწვია ოზურგეთელ ზურაბ თავბერიძეს და აღნიშნულის შესახებ ჰკითხა.
_სულ არ ვიცნობ, ვინ არის ეს ქალბატონი. არც მისი იდეის შესახებ მსმენია. რა ვქნა მე? ჰქონდეს მერე. შეიტანოს მანაც. კანონი ხო არ უკრძალავს? ამ უბრალო საკითხმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, იმდენს მირეკავთ და მსტუმრობთ, ლამის, ცუდად გავხდე. დედას ვფიცავარ, თუ ვიცოდე ვინ არის ან მისი იდეის შესახებ რაიმე მსმენოდეს. დავუშვათ და მე შევიტანე ადრე, რა მოხდა? რა უნდა? არ შეიძლება დამთხვევა მოხდეს? თუ ამერიკის აღმოჩენაა ეგ პანთეონის გახსნის ინიციატივა? ვისაც უნდა, ღმერთმა მას მოახმაროს ეს იდეაც და სხვა იდეებიც. დაუშალა ვინმემ? _გვითხრა ზურაბ თავბერიძემ.
თავის მხრივ ნანი ჭანუყვაძე ითხოვს, რომ საკრებულოში შეტანილი პეტიცია, პანთეონის გახსნის თაობაზე, უკან გამოიტანოს შემტანმა და საკრებულომ გააუქმოს თავის გადაწყვეტილება ამ პეტიციაზე.
_მე წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს, – _თქვა „გურია ნიუსთან“ ნანი ჭანუყვაძემ.