საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო „ერთიანობა“ – სიტყვა, რომელიც, სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგს – მეგობრული ერთიანობა, ზოგიც ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავს. სპიკერებმა „სფოთლაითის“ სცენიდან სწორედ ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.
წლევანდელი Spotlight სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ესაა: ლექცია-მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. სხვადასხვა სფეროს გამოცდილმა ქართველმა პროფესიონალებმა მსმენელს ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 13 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარდგა.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. Spotlight კი არის პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს და, ასევე, ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საინტერესო მიგნებები, არაორდინარული იდეები. რაც შეეხება წლევანდელ თემას, ვფიქრობთ, „ძალა მართლაც ერთობაშია, და არა ერთნაირობაში“. მთავარია, არ გავჩერდეთ მიღწეულზე, მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, იდეები, ან თუნდაც სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც შეიძლება წარმოუდგენელიც კი ჩანდა“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტის ავტორია Marketer.ge. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამისა და მარკეტინგის ინდუსტრიაზე. 2016 წელს მოხდა Spotlight-ის რებრენდინგი, შეიქმნა დინამიკური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ. ახალი მიმართულებები, შენარჩუნებული ფორმატით, ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს.(R)