მუსიკის ახალგაზრდა მასწავლებელმა, ნინო ვახრამოვმა წელს დაიწყო მუშაობა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში. ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, სერტიფიცირებულმა პედაგოგმა, წმიდა ნინოს სახელობის სასულიერო სკოლიდან აქაც გადმოინაცვლა და მუშაობას შეუდგა.
,,თავისი განუმეორებელი ხიბლით მხოლოდ მუსიკას შეუძლია გრძნობების დატყვევება”- უილიამ კონგრივის სიტყვებით იხსენიებს ის მესამე კლასში, საგაკვეთილო პროცესში, ერთ-ერთ აქტივობას _ ქაღალდის კლავიშებით გრძნობების დატყვევებას საგაკვეთილო პროცესში, რომელიც ბავშვებმა იმდენად გაითავისეს, მუსიკის სამყაროდან გამოსვლაც აღარ უნდოდათ.
_ მესამე კლასთან მუშაობა განსაკუთრებით თავისუფალი და შემოქმედებითია ჩემთვის იმით, რომ მასწავლებლის, ნინო ორლოვსკაიას სრულ თანდგომას ვგრძნობ. სწორედ მისი ძალისხმევით და მეცადინეობით გახდა ჩემთვის უფრო შესაძლებელი ერთ-ერთი აქტივობა, შოპენის „შემოდგომის ვალსი“, რომელიც ბავშვებმა იმდენად გაითავისეს, რომ საკუთარი „მე“ მთლიანად მუსიკალურ სამყაროში წარმოიდგინეს. ძალიან ადვილია , განახორციელო ჩანაფიქრი, როცა გვერდით ასეთი მასწავლებელი და მოსწავლეები გიდგანან . ნინო ორლოვსკაიამ თავად მოიძია ინტერნეტსივრცეში სახალისო აქტივობის ასეთი ფორმატი და ჩვენ აქ, ოზურგეთის მეორე სკოლის სივრცეში ჩვენებურად ჩავბერეთ სული, _ გვიამბობს ნინო ვახრამოვი.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე წარმატებულს და ინოვაციურს უწოდებს ორი ნინოს: ნინო რლოვსკაიას და ნინო ვახრამოვის ტანდემში მუშაობას.
_ ძალიან კარგი აქტივობა ჰქონდათ. ორივე დაინტერესებულია, როგორც კლასში, ისე კლასგარეშე მუშაობაში ჰქონდეთ ინოვაციები. ნინო ვახრამოვი წელს კონკურსის წესით შეირჩა ჩვენს სკოლაში და ძალზე აქტიურად შეუდგა საქმეს. ამჯერად წარმოადგინეს ძალიან საინტერესო აქტივობა და უდავოა, მომავალშიც იქნებიან წარმატებული, _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ წარმატებას უსურვებს ინოვატორ მასწავლებლებსა და მათ საუკეთესო მოსწავლეებს.