შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.
საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ საია-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მწვანე სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა.