წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპ ფრანცისკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა რომის პაპთან. შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.
ელჩმა მადლობა გადაუხადა პონტიფექსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას.
შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს ელჩმა პაპს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი – იოსების სიზმარი, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და ქართული ღვინო, რომელიც გაფორმებული იყო სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ვაზის რტოთი.