,,უწინარეს მას ვადიდებ, ვინც შეჰქმნა ზღვა და ხმელი,
ვინც მარადის არსებობით უკვდავია და უხრწნელი,
ვინ ჯოჯხეთს განმაშორა, მცხო ნათელი:
მისგან ვითხოვ, განმარიდოს ეშმაური განსაცდელი!”
ასე იწყება ერთ დროს პოპულარული პოემა ,,თამარიანი” (ის თერთმეტჯერ იყო გამოცემული), რომელიც ბევრმა ზეპირად იცოდა, პოემის ზოგიერთი ადგილი ხალხურ სიმღერებადაც კი იქცა, ხოლო მისი ავტორი სიმონ გუგუნავა დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მისი ავტორი ცნობილი თავადის, გურიის ჯანყის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილის, გურიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, გურული სიმღერების შემსრულებლის დათა გუგუნავას ოჯახში დაიბადა. ,,სიმონი ღირსეულ გაზრდასთან ერთად ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. იყო კარგი მეჩონგურე-მგალობელი. მისდევდა მწიგნობრობას და ხელს უწყობდა მის ხალხში გავრცელებას. ის მომრიგებელ მოსამართლედ იყო. რაც მას გლეხებთან აახლოვებდა და თავის გულკეთილობით ხალხის გულს იგებდა, სიყვარულს იმსახურებდა”, – წერდა ვლასა მგელაძე სიმონ გუგუნავას შესახებ. ცნობილია, რომ ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მაგ., მისი დახმარებით დაარსდა სოფელ აკეთში ბიბლიოთეკა.
1889 წლიდან ცხრა წელი გუგუნავა ოზურგეთის თავად-აზნაურთა მარშალიც გახლდათ. ის თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალებთან, სადაც მისი ლექსები და რეცენზიები ქვეყნდებოდა.
როგორც ამბობენ, აკაკი წერეთელმა სოფელ გორაბერეჟოულში, რაფიელ ერისთავს და სიმონ გუგუნავას შესთავაზა ერთამენთს გაჯიბრებოდენ, თუ რომელი მათგანი გალექსავდა უკეთესად გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიულ რომანს „თამარ ბატონიშვილი“. ორივე ავტორის „თამარიანი“ 1888 წელს გამოიცა, თუმცა გუგუნავას ვარიანტმა დაჯაბნა პოპულარობით ერისთავის ნამუშევარი.
საკუთარ თხზულებათა კრებულის მეოთხე ტომში იოსებ გრიშაშვილი პოეტს წერილს სათაურით ,,გუგუნავას თამარიანი” მიუძღვნა.
გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან.
,,თამარიანი” დაწერილია მეტად სათუთი შტრიხებით, გრძნობიერი სტრიქონები ერთიმეორეს ეჯიბრებიან და მკითხველის სულის სიღრმეში ფესვებს ღრმად იკიდებენ.
ს. გუგუნავას პოემა არ არის დატვირთული მძიმე გამოთქმებით და საგანგებოდ გამოძებნილი სიტყვებით. სვიმონ გუგუნავა უბრალოდ, სიტყვის შეულამაზებლად და, რაც უმთავრესია, სიუჟეტის თანმიმდევრობითი განვითარებით, მოგვითხრობს მოქმედ პირთა თავგადასავალს, მათ სულიერ თვისებას და გულწრფელი სიყვარულის დაუბერებელ გრძნობას.
ქართველი მოსახლეობა სახელ ,,შალვას” თავიანთ ბავშვებს ,,თამარიანის” სიყვარულით არქმევდნენ. რა მიმზიდველია! რა უბრალოდაა ნათქვამი! ვის არ ახსოვს (ეხლა არავის- ი.მ.):
შალვავ, ჩემო სიხარულო, სიცოცხლეზე მეტად ტკბილო,
ჩემი თავის სანუგეშოდ ნაშობო და გამოზრდილო…
ს. გუგუნავას პოემა ჩემზე ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქოს იგი ერთი ამოსუნთქვით იყოს დაწერილი. ავტორმა ოსტატურად შეჰკონა სასიყვარულო ამბავი და მდაბიო ხალხს წიგნის წაკითხვის სურვილი გაუღვიძა.
,,თამარიანმა” დიდი ხანია გამოსცადა მკითხველის სიყვარული და ხალხის დარჯაკში გამოიბრძმედა.
ეს არის გუგუნავას ნიჭიდ დიდი დამსახურება!”
გრიშაშვილი ყურადღებას ამახვილებს პოემის სუსტ მხარეზეც: ,,თამარიანი” თანადროული მიდგომით, როცა ლექსის ტექნიკა უმაღლეს ხარისხამდე ავიდა, მხოლოდ რითმის აღნაგობის მხრივ, ჩვენზე მკრთალ შთაბეჭდილებაას სტოვებს. აქ რითმის ოთხეული აგებულია შოთას ყაიდაზე, მაგრამ პრიმიტიულად… მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ხალხურ შაირებს, სადაც ლექსის მარცვლები ხშირად მეტ-ნაკლებობას განიცდის, მასინ ს. გუგუნავას პოემაში ეს ნაკლი თავისებურ სამკაულად მოგვეჩვენება”.
,,სიკვდილამდის ბედნიერად ჯერ არავის უცხოვრია,
ეს სოფელი ყველასათვის ცრუ და ყალბი სასწორია,
აწ დასრულდა ეს ამბავი, რაც დავსწერე არც ჭორია,
იმათ შემდეგ რაც ჰყოფილა, გვამცნობს ქართლის ისტორია”.