ოზურგეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მძაფრი და უსიამოვნო სუნია, არ არის ახალი ამბავი. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებელმა თემურ ლაჭყეპიანმა ამ პრობლემის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, ტუალეტის შესასვლელს შიფერი ააკრეს.
“ეს ხდება ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, რკინიგზის სადგურზე, ეს არის ფეკალური მასებით სავსე საზოგადოებრივი ტუალეტი! იქნებ, კეთილი ინებოს მერიამ და დაასუფთაოს და ან გააუქმოს ან რაიმე იღონოს, სირცხვილია, უბრალოდ! ირგვლივ არის აყროლებული სუნი და არის ინფექციების ბუდე! _ წერს თემურ ლაჭყეპიანი და იქვე მედიასაშუალებებს სთხოვს, რომ პრობლემა გააშუქონ.
“იქნებ გააშუქოთ ან მიაწვდინოთ ხმა მერიის თანამშრომლებს“, _ წერს ლაჭყებიანი.
როგორც გავარკვიეთ, შპს “ჯიარ ქონების მართვამ“ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა რკინიგზის სადგურზე საზოგადოებრივი ტუალეტების მოწესრიგება.
აღნიშნულმა კომპანიამ ამ ეტაპზე ის გააკეთა, რომ ტუალეტის შესასვლელი შიფერით ამოკეტა.
“ჯიარ ქონების მართვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საზოგადოებრივი ტუალეტი რკინიგზის სადგურის შენობაში არის განთავსებული.
“ეს ძველი ტუალეტის შენობა უკვე გაუქმდა“, _ გვითხრეს აღნიშნულ შპს-ში.
როგორც თემურ ლაჭყეპიანი სოციალურ ქსელში წერს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება ტუალეტის კედელზე „კოტეს ტუალეტს“ წააწერდა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერზე არის საუბარი).