თბილისში, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის დადგენილება 2019 წლის 1 ოქტომბერს შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, ქალაქში მოძრავი A კატეგორიის ყველა ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, წინააღმდეგ შემხთვევაში მგზავრების ქუჩაში აყვანა ეკრძალება.
ავტომობილების გადასაღებად და ფირის გადასაკრავად მერიამ მძღოლებს 800 ლარიანი ვაუჩერი შესთავაზა.
მძღოლები რეფორმის შემდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიამ მათი ეკონომიკური პრობლემებით ისარგებლა. გარდა ამისა, ავტომობილების შეღებვის ფასები, მერიის მიერ გამოყოფილ თანხაზე მაღალია, გადაღებილი მანქანის ფასი გაყიდვის შემთხვევაში მკვეთრად მცირდება. ამის შესახებ იმ წერილებშია საუბარი, რომელიც „გურია ნიუსმა“ მიიღო.
როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, ავტომობილის შეცვლას ვერ შეძლებენ, რადგან 2 წლის განმავლობაში ავტომობილზე განთავსებული რეკლამის გამო ავტომობილმა ტაქსზე უნდა იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მესაკუთრე ვერ შეძლებს მუშაობას, რაც მძღოლების ეკონომიკურ პრობლემას კიდევ უფრო აუარესებს.
„გურია ნიუსი“ გთავაზობთ მძღოლების წერილებს ტაქსების რეფორმაზე, მათ სახელ-გვარებს კი მათივე თხოვნით არ ვასაჯაროვებთ.
„ძალიან ცუდი ხელშეკრულება დაგვადებინეს იძულებით, არ გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა. ჰკითხეთ ნებისმიერ ტაქსის მძღოლს, ყველა გეტყვით, რომ ეს ხელშეკრულება მიუღებელია. ყველა მძღოლს აქვს შიში, რომ ავტომობილი მწყობრიდან არ გამოვიდეს და უმუშევარი არ დარჩეს. ჩემი ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა, რადგან მატორი ჩაიშალა, შეკეთებითაც არ კეთდება, ახალი მატორი კი ძალიან ძვირია და ვერ შევძელი ყიდვა. ახლა უმუშევარი დავრჩი, 3 მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეუღლე 2 წელია გარდამეცვალა, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მანქანას ვერ ვყიდი მერიასთან დადებული ხელშეკრულების გამო. ჩვენი ეკონომიკური პრობლემებით ისარგებლეს და იძულებული გაგვხადეს ეს ცუდი ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. მათ ხალხის ბედი არ ანაღვლებთ. მთავრობა ვერ გვასაქმებს, ჩვენ კი ჩვენით ვსაქმდებით, ოჯახებს ვარჩენთ, მაგრამ ამაშიც წილში ჩაგვიჯდნენ, არ გვაძლებენ შესაძლებლობას რომ ვიმუშაოთ. დაგვასაქმონ ან თავი მაინც დაგვანებონ ჩვენს თავს რომ მივხედოთ, ამ მთავრობის დედაც მოვტ…ნ!!!“_ წერს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.
როგორც კიდევ ერთი მძღოლის წერილშია ნათქვამი, მძღოლების უკმაყოფილება ასევე გამოწვეულია დადებული ხელშეკრულებით, რომლის მიხედვით, ტაქსის მძღოლებს ვალდებულება აქვთ 2 წლის განმავლობაში რომელიმე კონკრეტული კომპანიის რეკლამა განათავსონ.
,,ეს ხელშეკრულება, რომელიც მერიასთან გავაფორმეთ დიდ პრობლემას ჰქმნის, რადგან იძულებული ვართ ტაქსად ვამუშაოთ 2 წლის განვლობაში. თუ მწყობრიდან გამოვა ვერ შევძლებთ მის შეცვლას. ცუდი ხელშეკრულებაა, მაგრამ იძულებული ვიყავი გამეფორმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს 5 შვილიან ოჯახის რჩენა გამიჭირდებოდა, ეს ავტომობილი არის ჩემი ოჯახის მარჩენალი,“_ წერს ის.
ერთ-ერთი მძღოლი კი იწერება, რომ მათ ვინც მანქანებზე რეკლამები განათავსეს 2 წლის განმავლობაში ავტომობილის გაყიდვაც არ შეუძლიათ, რადგან ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ავტომობილმა, რომელსაც რეკლამა აქვს დაკრული ტაქსად უნდა იმუშაოს, თუ არ იმუშავა, ჯარიმაა გათვალისწინებული.
,,მერიამ იძულებული გაგვხადა ტაქსის მძღოლები, რომ გაგვეფორმებინა ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მიუღებელი იყო. მათ კარგად იცოდენ, რომ იძულებული გავხდებოდით მათ პირობებს დავთანხმდებოდით ჩვენი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი პრობლემა, ამ ხელშეკრულებაში ის არის, რომ მანქანამ ორ წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს ტაქსად, რადგან გადაღებვის სანაცვლოდ კომპანიებს შესთავაზა რეკლამების განთავსება. თუ მანქანას გავყიდით და ტაქსად არ იმუშავა, დავჯარიმდებით. ეს კი ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის,“_ წერია წერილში.
ტაქსის მძღოლების წერილებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ადასტურებენ, რომ დადებული ხელშეკრულების გამო ტაქსის მძღოლები ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ ავტომობილის გაყიდვას.
,,როცა ტაქსის მძღოლი გაივლის რეგისტრაციას, იღებს ლიცენზიას, შემდეგ მიმართავს კომპანიას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ტაქსის გათეთრება ფირის გადაკვრით ან შეღებვით, რა თქმა უნდა, ამავე დროს ხელშეკრულებაში მას ეწერება ვალდებულება, რომ ორი წლის მანძილზე განათავსოს რეკლამა, რომელსაც კომპანია შესთავაზებს.
ამის შესახებ კი მძღოლები თავიდანვე უნდა იყვნენ ინფორმირებული. ჩვენ ამის შესახებ გვქონდა გრძელვადიანი საინფორმაციო კამპანია, ყველას მიეწოდებოდა ინფორმაცია ვინც დარეგისტრირებული იყო ამ ბაზაში, თუ როგორ უნდა ემოქმედათ. შესაბამისად, თავიდანვე უნდა ჰქონდეთ მათ გაცნობიერებული რასთან აქვთ საქმე, ორი წლის განმავლობაში ნამდვილად აქვთ მათ ეს ვალდებულება. ორი წლის განმავლობაში რა თქმა უნდა ვერ გაყიდის ავტომობილს.
სამწუხაროდ, დამატებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან თავიდანვე იყვნენ საქმის კურსში.
ვისთვისაც მიუღებელი იყო ეს პირობა, რა თქმა უნდა მან არ გამოიყენა ვაუჩერი გადაღებვისთვის და თავად შეასრულა ის, მოიყვანა სტანდარტში, რაც ევალება თბილისში მოძრავ ტაქსს.
ერთ-ერთი მძღოლი ავტომობილის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ გვწერს, ის ამ ეტაპზე ვერ ახერხებს მუშაობას სარეკლამო ვალდებულების გამო, რა გამოსავალი აქვს მძღოლს ამ შემთხვევაში?
პირველ რიგში, მათ უნდა გაევლოთ ტექნიკური დათვალიერება, ისე ვერ მიიღებდენ ვერც ვაუჩერს და ვერც ვერაფერს, თუ ავტომობილი იყო ტექნიკურად გამართული ამის შემდეგ მიიღებდენ ვაუჩერს და თუ გაიარა ტექნიკური დათვალიერება ცოტა უცნაურია, რომ რამდენიმე თვეში ავტომობილი გამოვიდა მწყობრიდან.
კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით მე გამიჭირდება პასუხის გაცემა, მძღოლი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას, რომელთანაც აქვს ეს ვალდებულებ და განიხილონ ეს საკითხი, როგორც გამონაკლისი, მეტი არანაირი რჩევის მოცემა არ შემიძლია“ – განაცხადეს დედაქალაქის მერიაში.