„ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და საკამოდ ხაზგასმითაც. რამდენიმე დღის წინ, იგივე იყო ნათქვამი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ”,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, რითაც იგი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლითაც აშშ-ის ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას და, ამასთანავე, მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს, და არა ქუჩის აქციებისკენ.
„ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, მიესალმება მეოთხე ტალღას, რომელიც სასამართლოს რეფორმაში ხორციელდება და ამასთანავე მოუწოდებს, რომ პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ქუჩაში გადაწყვიტონ თავისი დაპირისპირებული პოზიციები და საბოლოო შეთანხმების საკითხი. ეს არის მთავარი, ახლა ამას როგორი ინტერპრეტაციაც უკეთდება, ეს არის მცდელობა, რომ რაღაცნაირად გამოიყენონ, კვლავ სპეკულაცია მოახდინონ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა”,_განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სწორედაც რომ თავად არის მონდომებული გააგრძელოს რეფორმები პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში, რაზეც არის მინიშნება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგრძელდეს რეფორმები – გაგრძელდეს თემა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ. პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს, გაგრძელდეს. განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა. ნდობის თემა საზოგადოებაში პროკურატურას მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა მას ეს ნდობა აქვს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ჰქონდა 2012-მდე და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გადაფარვა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს ემსახურება პროპაგანდა, მათ შორის გარკვეული მედიასაშუალებების გამოყენებით, ეს არის სამწუხაროდ რეალობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რომ წაიკითხოთ, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ყველა ქვეყნის მიმართ, მათ შორის ევროპული ქვეყნების მიმართ, იქაც წერია გარკვეული შენიშვნები, სურვილები, კეთილი სურვილები, და ამაში დასაძრახს მე ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ მთავარი პარტნიორის წინადადებები, მოსაზრებები, თუნდაც შენიშვნები უნდა გახდეს სახელმძღვანელო ჩვენი მომავალი საქმიანობის”,_ განაცხადა ვოლსკიმ.