ქალაქ ფოთში, მირცხულავას ქუჩაზე მცხოვრები დალილა თურქია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ სოციალური დახმარება იმის გამო მოუხსნეს, გამათბობელი („კარმა“) დადგეს სახლში.
დალილა თურქია დედასთან, მარგალიტა თურქიასთან და დასთან, ნანული თურქიასთან ერთად ცხოვრობს. ჩვენი რესპონდენტი წლების წინ სამედიცინო სფეროში მუშაობა, მისი და კი ელექტრო ქარხანაში. ოჯახის უხეცესი წევრი არასდროს ყოფილა დასაქმებული, ის ოჯახის საქმეების კეთებით იყო დაკავებული.
“4 წლის წინ შევიძინე გაზის გამათბობელი, ეს ის პერიოდია, როდესაც სოციალური დახმარება გვქონდა, წელს კი მოგვიწყვეს “სიუპრიზი“ და მოგვიხსნეს სოციალური დახმარება, რადგან “კარმა“ გვქონდა ნაყიდი. არადა, მოვიდნენ და ნახონ, სახლი გარედან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ნახონ, რა მდგომარეობაა. აღარ მახსოვს, ფულს ვაგროვებდით, რათა გამათბობელი გვეყიდა. სამი პენსიონერი ვართ სახლში და შეშის დაჩეხვის შესაძლებლობა არ გვაქვს. სამივე წამლებზე ვართ დამოკიდებული და რა ვქენით ასეთი, რომ წამებში გავხვდით მდიდრები. “კარმა“ შევიძინეთ, კი, ბატონო, რომელიმე კურორტი ან ვილა ხომ არ შეგვიძენია. ოთხი წლის წინ თუ სოციალური დახმარება გვჭირდებოდა, ახლა აღარ გვჭირდება?“ _ კითხულობს დალილა თურქია.
როგორც დალილა თურქია ამბობს, თვეში 300 ლარი არ ჰყოფნით წამლებისთვის.
“არავინ არასოდეს შეგვიწუხებია და არც არავინ მოსულა ჩვენი ამბვის საკითხავად. მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოდან იყვნენ _ ჯერ გეკუთვნით დახმარებაო და მოგვცეს თვეში 150 ლარი და ახლა აღარ გვეკუთვნის თურმე. იმ ფულით, რომელიც ახლა აღარ გვეძლევა, გაზის გადასახადს ვიხდიდით“, _ გვითხრა დალილა თურქიამ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილების უფროსი, ნანა ტურძელაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დალილა თურქიას ოჯახს სოციალური დახმარება ახალი გადამოწმების საფუძველზე შეუჩერდა.
“ქალბატონი დალილა თურქია 2014 წლიდან იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. იყო თანხის მიმღები. 2015 წელს მიენიჭა ქულა 12 850, რაც ითვალისწინებს თითოეულ წევრზე 50-50 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას. ოჯახი იღებდა 150 ლარს, რადგან სახლში სამი ადამიანი ცხოვრობს. 2019 წლის ივნისში მოხდა ოთხწლიანი გადამოწმება ცენტრალური აპარატიდან და ამის საფუძველზე დავიწყეთ ხელახალი შემოწმება ანუ დეკლარირება. პირველი დეკლარირების შევსების დროს გაზის მრიცხველი არ ფიქსირდებოდა, ხოლო ივნისში ჩატარებული შემოწმების დროს დაფიქსირდა. არსებობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის დადგენილება სოციალურად დაუცველი ოჯახების, სოციალურ-ეკონომიური შეფასების მეთოლოგიის დამტკიცების შესახებ, შევსებული დეკლარაციის საფუძველზე გამოყავთ ქულა, რის შედეგადაც თურქიების ოჯახს მიენიჭა 69 490 ქულა. ამ ქულით ეს ოჯახი ისევ ბაზაში იმყოფება, ეკუთვნის საპენსიო დაზღვევის სრული პაკეტი, თავისთავად „ერთლარიანი წამლები“, პარალელურად ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ერთჯერადი წამლის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ“, _ გვითხრა ნანა ტურძელაძე.
მისივე თქმით, თურქიების ოჯახმა ერთი წლის განმავლობაში გათბობისთვის დახარჯა 759 ლარი.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე რა უნდა გააკეთონ თურქიების ოჯახმა ზამთარში, როდესაც გათბობა აუცილებელია, არ უნდა შეეძინათ გამათბობელი? _ ნანა ტურძელაძე პასუხობს, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
_ მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, სამწუხაროდ. არსებობს ფორმულა, რომელსაც გამოყავს ეს ქულა და ამის მიხედვით ხდება სოციალური დახმარების დანიშვნა. თბილისის მერიაში უმწეოებისთვის არის სხვა პროგრამები, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფოთის მერიაში არ არის“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნანა ტურძელაძემ.