იმაზე, რომ ლანჩხუთის „გურიას“ გასული სეზონი კატასტროფული გამოუვიდა, არავინ დაობს. არადა, მას შემდეგ, რაც კლუბი ახალი ხელმძღვანელობის ხელში გადავიდა, მოვლენები ისე განვითარდა, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ამის მოთხოვნილება დიდად არ იყო, „გურიამ“ მაინც მოახერხა ლიგა 3-დან მესამე ადგილით პლეი ოფში გასვლა და წყალტუბოს „სამგურალის“ ძლევით ზედა ლიგაში გადასვლა.
დაუგეგმავი აღმასვლის შემდეგ ვინ წარმოიდგენდა, კახა ებრალიძე და მისი გუნდი მიღწეულის შენარჩუნებას თუ ვერ შეძლებდნენ. უფრო მეტიც, ლიგა 2-ის სტარტზევე გამოჩნდა, რომ „გურია“ აშკარად მოუმზადებელი ჩანდა და ძირითადად, საკადრო შეცდომების კასკადის გამო პირველი წრე გუნდს საშინელი გამოუვიდა. თითქოს იყო არსებული კრიზისის დაძლევის მცდელობა, შემადგენლობაც ცოტა მოძლიერდა, 300 ათას ლარზე მეტი ინვესტიციაც ჩაიდო საქმეში, მაგრამ ისევ პლეი ოფს ვერ გასცდა სიტუაცია და იქ შედეგი სრული კრახის მომტანი აღმოჩნდა. დუშეთის „არაგვთან“ სტუმრად მოგებულ შეხვედრას კატასტროფული მარცხი მოჰყვა და გუნდი ისევ დაქვეითდა მესამე ლიგაში.
სრული გაურკვევლობაა, რა ხდება დღესდღეობით „გურიაში“, არც არავინ ჩანს, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და ახსნის, რა იყო რეალურად ამ ჩავარდნის მიზეზი, ან რა იქნება ხვალ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციი, დაგეგმილია კლუბის აუქციონის წესით გასხვისება, თუმცა, ფორმა ჯერ შეჯერებული არ არის. ისე დაგეგმილია კლუბის არა მართვის უფლების, არამედ კერძო ინვესტორისთვის სრულად გადაცემა, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მსურველი რეალურად გამოჩნდება.
ამასობაში ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების დროც მოსულია და წესით, მზადებაც კლუბმა უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. მიზანი ისევ ლიგა 2-ში წელსვე დაბრუნება უნდა იყოს, თუმცა, შანსია, „გურიამ“ ლიგა-2-ში ადგილი შეინარჩუნოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლიგა 1 და ლიგა 2-დან ერთ-ერთ გუნდს დააქვეითებენ.
ქართულ საფეხბურთო წრეებში კი ამაზე ერთ თვეზე მეტია, საუბრობენ. ლაპარაკია ფინანსური პრობლემების მქონე ქუთაისის „ტორპედოზე“. იმერულ გრანდს 1,5-მილიონიანი დავალიანება აქვს. ამის გამო, კლუბმა მხოლოდ დროებითი ლიცენზია მიიღო და სალიცენზიო კომიტეტის მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. სალიცენზიო კომიტეტი დასკვნას 26 იანვარს დადებს. შესაძლოა, „ტორპედოს“ ქართულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვალის დაფარვის ვადა საერთოდ 26-მდეც გადაუტანონ, მაგრამ, თუ რამე ინვესტიცია არ გამოჩნდა, 1,5 მილიონის დაფარვა იოლი არ ჩანს. არც იმ ფონზე, რომ საუბარია კლუბში იტალიელი ინვესტორების მისვლაზე. თუ იმერლებმა პრობლემა ვერ მოაგვარეს და ლიცენზია ვერ მიიღეს, ისინი ავტომატურად პროფესიულ ლიგებს დატოვებენ და ქვედა ლიგიდან მოუწევთ ყველაფრის თავიდან დაწყება.
ძალიან ცუდია, როცა ვინმეს უბედურებაზე და ფეხის დაცდენაზე არის საუბარი, თანაც ისეთ სახელოვან გუნდზე, როგორც „ტორპედოა“, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა არსებობს და არც თუ უსაფუძვლო. თუ საკითხი ვერ გადაწყდა და ქუთათურებმა ლიცენზია ვერ აიღეს, მის ადგილს მთავარ ლიგაში წინა სეზონში მერვე ადგილზე გასული და პლეი ოფით დაქვეითებული „რუსთავი“ დაიკავებს, ხოლო ლიგა 2-ში მის ადგილს ამ ლიგის შარშანდელი მერვეადგილოსანი „გურია“.
ასევე, საუბარია კიდევ ერთი კლუბის, თბილისის „შევარდენის“ ფინანსურ პრობლემებზე. ხმაც გავრცელდა, რომ დედაქალაქელებს იმავე მიზეზით მოხსნა ემუქრებათ. ამ შემთხვევაშიც გამოთავისუფლებულ ადგილს „გურია“ დაიკავებს, თუმცა, არც ეს ვარიანტი ჩანს დიდად საპერსპექტივო.
საგულისხმოა, რომ ვალი „გურიასაც“ აქვს, ოღონდ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს კლუბს ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები უმაგებს ზურგს და მომჩივანიც არავინ ჰყავს. სწორედ ამიტომაც გუნდმა A ლიცენზია უკვე მიიღო და ამ მხრივ წელშიც გამართულია. თუმცა, უშუალოდ რა პერსპექტივებია გუნდში, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი, ან ფეხბურთელები ვინ იქნებიან, ამაზე ჯერ საუბარი რთულია. როგორც გავიგეთ, კლუბში დაბრუნდნენ ძმები ნარიაშვილები, ასევე, ჩოხატაურის „ბახმაროდან“ სოლომონ გუჯაბიძის გადმოსვლაც რეალურია, მაგრამ სხვა ფეხბურთელების მოძიების პროცესი ისევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ერთ კვირაში გასარკვევიც გარკვეული იქნება.