1904 წელს ზაფხულში ნიკოლოზ მეორეს ვაჟი შეეძინა. ეპიფანე ჩხაიძის მეთაურობით ლანჩხუთის საზოგადოების სახელით მეფეს გაუგზავნეს ვრცელი მისალოცი დეპეშა, სადაც მოხერხებულად იყო გამოყვანილი ლანჩხუთის საზოგადოების მოთხოვნა სამოქალაქო სასწავლებლის გახსნის შესახებ. პასუხი მოვიდა დადებითი, მაგრამ დაგვიანებით.
თავდაპირველად სწავლება ნაქირავებ, კერძო სახლში მიმდინარეობდა. მომწიფდა აზრი სკოლის ახალი შენობის აგებისათვის. დაიწყეს მშენებლობა საზოგადოების სახსრებით. მოიჯარადე იყო ტარასი ცინცაძე, მას ზედამხედველობდა კირილე მგელაძე. საზოგადოების სახსრებით, როგორც იქნა და აშენდა პირველი სართული; თუმცა 1908 წელს უსახსრობის გამო მშენებლობა შეჩერდა. მაშინ ლანჩხუთის საზოგადოების მოწინავე ძალებმა მოახერხეს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის რუდოლფის ჩამოყვანა, მას აჩვენეს ეს დაუმთავრებელი შენობა და თხოვეს დახმარება, მაგრამ დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღეს. მიუხედავად ამისა, რუდოლფს დიდი ვახშამი მოუწყვეს. თამადამ სადღეგრძელოში მოხდენილად ჩააქსოვა ხალხის თხოვნა მშენებლობაზე დახმარების შესახებ, მაგრამ რუდოლფს პირობა ვერა და ვერ ათქმევინეს. გურულები იხტიბარს არ იტეხდნენ, მათ მიაცილეს რუდოლფი სადგურამდე და პირველი კლასის ვაგონში მოათავსეს. როცა სტუმარს ემშვიდობებოდნენ, რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ დიდ მანძილზე წინასწარ ჩამწკვრივებულმა მოწაფეებმა ნავთში გაჟღენთილი ჯოხები აანთეს – შეიქმნა საუცხოო სანახაობა. მატარებელი დაიძრა და სამსონ მურვანიძემ რუდოლფის გასაგონად დაიძახა: ეს თქვენი გამგზავრების პატივსაცემად არის მოწყობილიო. სანახაობა ძალიან მოსწონებია რუდოლფს და მშენებლობის დასამთავრებლად ლანჩხუთელებს სახსრები გამოუყვეს.