„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს, რომ არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება.
„ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,– განაცხადა უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება.
უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე შედგა.