ლანჩხუთში, კერძოდ კი აცანასა და ჩოჩხათში, ტურიზმის გასავითარებლად, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, პროექტის გახორციელება იგეგმება.
საამისოდ ლანჩხუთის მერიაში სამუშაო შეხვედრაც შედგა, რომელსაც მერი ალექსანდრე სარიშვილი, პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი ოთარ კონჯარია და ჯგუფის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
_ პროექტის ფარგლებში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია მდინარე სუფსაზე ჯომარდობის განვითარება, შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომზადება. ასევე, ჩოჩხათის თემში არსებული ორკარის კანიონის და აცანის თემში, მდინარე აცაურას ხეობაში არსებული კანიონებისა და ჩანჩქერების ტურისტულ მარშრუტებში ჩასმა.
“ჩოჩხათსა და აცანის თემებში, მდინარე სუფსისა და აცაურას მიდამოებში მოეწყობა ვიზიტორთა ბანაკი, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. მოწესრიგდება მისასვლელი გზა, დასუფთავდება მდინარეების მიმდებარე ტერიტორია, დაიდგმება გზის მაჩვენებლები და ნიშნულები, მოეწყობა სავაჭრო დახლები, საპიკნიკე, საკემპინგე ადგილები, რომელიც განკუთვნილი იქნება, როგორც უცხოელი, ასევე, ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გრიგოლეთის სანაპირო ზოლის განაშენიანების გეგმის მომზადება, _ განმარტავენ ლანჩხუთის მერიაში.