სამტრედიაში, ააიპ-ი ,,სახლი თანადგომას” ბენეფიციარები, 22 იანვრის მდგომარეობით, უფასო კვებით ვერ სარგებლობენ.
როგორც ,,გურია ნიუსს” უთხრეს, უფასო სასადილოს ფუნქციონირების პრობლემა ყოველი წლის დასაწყისში ექმნება.
აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა ,,სახლი თანადგომას” დირექტორს, მზევინარ ბოხუას.
ბოხუას თქმით, სასადილო ახალი წლიდან ფუნქციონირების გაგრძელებას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ახერხებს, რადგან კვების პროდუქტების შესყიდვაზე აუცილებელია ტენდერის გამოცხადება და სასადილო მუშობას ტენდერის დასრულების შემდეგ შეუდგება.
,,კანონის მიხედვით, საკვების მომწოდებლებზე ტენდერს მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვერ ვაცხადებთ. ამდენად, იანვარი ჩვენთვის განსაკუთრებულად დაძაბული თვეა. ბენეფიციარები მოდიან ადმინისტრაციულ შენობაში და სადილს გვთხოვენ. როცა შიათ, ტენდერი არ აინტერესებთ. უფასო სასადილოში ის კატეგორია გვყავს, ვისთვისაც დღეში ერხელ სრულფასოვანი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“_ამბობს ბოხუა.
ცნობისთვის, ,,სახლი თანადგომამ” ტენდერი 2019 წლის 23 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე გამოაცხადა 3 ტენდერი. სამიდან ორი შედგა, ხოლო ხორცის მომწოდებელზე-ჩაიშალა.
“ხორცის ტენდერის გამოცხადება ხელახლა მოგვიხდა, 13 იანვრიდან გამარჯვებულს ველოდებით. შარშან 24 იანვრიდან შევუდექით მუშაობას, იმედია, წელს, იანვრის ბოლოსთვის მაინც შევძლებთ უფასო სასადილოს ამოქმედებას,“_ დასძენს ,,სახლი თანადგომას”დირექტორი, მზევინარ ბოხუა.