სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 24 ბაგა-ბაღი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყების მოლოდინშია.
გახანგრძლივებული არდადეგები საკვებ პროდუქტებზე გამოცხადებული ტენდერების ჩაშლამ გამოიწვია.
ცნობისთვის, სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ წელს 340 000 ღირებულების ტენდერი გამოაცხადა საკვები პროდუქტების შეძენაზე.
როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ხათუნა გაგუა განმარტავს, ხორცის პროდუქტების გარდა ყველა ტენდერი შემდგარია.
,,სამტრედიაში საბავშვო ბაღებს დროულად, რომ დაეწყოთ ფუნქციონირება, შარშან 17 დეკემბერს გამოვაცხადეთ ტენდერები. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს პროცესი გადაიდო. კერძოდ, სამჯერ ჩაგვეშალა ხორცის პროდუქტების შეძენაზე ტენდერი,”_ამბობს გაგუა.
23 იანვრის მდგომარეობით სამტრედიაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია. შედარებისთვის, შარშან, 20 იანვარს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლებული იყო. პრობლემის მოგვარებას წელს, სავარაუდოდ, 5 თებერვლისთვის ვარაუდობენ.