ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.
„რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.