ერთი შეხედვით ამ ორ განსხვავებულ ხელოვანს არაფერი უნდა აკავშირებდეთ. მაგრამ… _ ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში ჩაპლინსა და წერეთელს შორის ბევრია საერთო _ ორივე არის “self made man” ანუ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა. კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი _ ეს უსაზღვრო ენერგიაა. ხელოვნების მწვერვალები რომ დაეპყროთ, მათ დიდი შრომის გაწევა და სიძნელეების გადალახვა მოუხდათ.
40 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ზურაბ წერეთელმა პირველად შეასრულა ჩარლი ჩაპლინის პორტრეტი. ამ ხნის განმავლობაში დიდი კომიკოსის უამრავი საინტერესო და ღირშესანიშნავი ნამუშევარი შეიქმნა და კიდევ იქმნება.
ამის შესახებ მოგვითხრობს ირაკლი მახარაძის ახალი ფილმი ,,მხატვარი და მაწანწალა”, რომლის პრემიერა 23 იანვარს შედგა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
ფილმი საინტერესოდ, ორიგინალურად და იუმორით გადმოგვცემს ამ ორი ხელოვანის შემოქმედებით დიალოგს. სცენარისტმა და რეჟისორმა ირაკლი მახარაძემ ანიმაციის მეშვეობით გააცოცხლა ჩაპლინის გმირი (მხატვარი-ანიმატორი ხათუნა ტატუაშვილი, კომპიუტერული გრაფიკა და მონტაჟი კოკა კაპანაძე – ამ ორმა მაღალი დონის პროფესიონალმა მახარაძესთან ერთად რამდენიმე ფილმი შექმნა). მუზეუმის დაკეტვის შემდეგ პატარა მაწანწალა მუზეუმში დადის, ათვალიერებს ნამუშევრებს, ქართულად მღერის – ხან ალექსანდრე ჟორჟოლიანის და ხან ვასო გოძიაშვილის ხმით, ცეკვავს კინტაურს თბილისელ კინტოებთან ერთად… ჩვენი მისი თვალთახედვით ვეცნობით ზურაბ წერეთლის ხელოვნების ნიმუშებს, მის ისტორიას, იმ დროიდან როცა პატარა ზურაბმა პირველად იხილა ჩაპლინის პატარა მაწანწალა კინოთეატრის ეკრანზე და სამუდამოდ მის თაყვანისმცემლად იქცა.
,,ჩარლი ჩაპლინი ჩემთვის ყველაზე ნიჭიერი, ბრძენი, პლასტიკურია; ის ყველასგან გამორჩეულია. ნამდვილი გიგანტი! მე ამდენჯერ არავინ დამიხატავს… მას საკუთარი ფილოსოფიაც კი გააჩნია – სიარულში, მოძრაობებში, თვალებში. მე მას ვეთაყვანები”, _ ამბობს ზურაბ წერეთელი.
საინტერესოა, რომ ზურაბ წერეთლის ჩარლი მხატვრის ტილოებზე და ასევე, ფილმშიც ქართველს წააგავს, მისი პლასტიკა და მიმიკა დავით კლდიაშვილის გმირებს მოგაგონებთ… ამასვე აღნიშნავს ჩაპლინის შვილი მსახიობი ჯერალდინი, რომელიც სტუმრობდა ზურაბ წერეთელს. სახელოსნოს დათვალიერების შემდეგ მან აღფრთოვანებულმა განაცხადა: ,,ზურაბმა მიჩვენა პორტრეტი, სადაც მე მამასთან ერთად ვარ გამოსახული… მე იქ ცოტა ქართველს ვგავარ და ხელში კატა მიჭირავს”.
ფილმის სანახავად მოსულ საზოგადოებას რეჟისორმა ასევე წარუდგინა თავისი ახალი ნამუშევარი, ბროშურა ,,ერთხელ, გურიაში”, რომელიც ორი გურული ძმის თავგადასავალს ეხება გურიასა და ამერიკაში გასული საუკუნის დასაწყისში.
და ბოლოს, ირაკლი მახარაძემ ფილმის პრემიერა მიუძღვნა საკუთარ ძმიშვილს კირილე მხარაძეს, რომელიც 23 იანვარს 5 თვის შესრულდა.
სოფიო დვალიშვილი