27 იანვარს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს – მორიგი სხდომა გაიმართა.
განსახილველი საკითხების გარდა, სხომაზე საინტერესო საკითხებიც წამოიჭრა, რაც მრჩეველთა საბჭოს წევრებმა არგუმენტირებულად მიიჩნიეს.
კერძოდ, მრჩეველთა საბჭოს წევრმა, კოტე შავიშვილმა დასვა საკითხი, ოზურგეთის მუზეუმში, სადღაც საკუჭნაოში შეყრილი გამოჩენილ ადამიანთა ბიუსტები მზის სინათლეზე გამოიტანონ და გმირთა მოედანზე ან სხვა შესაფერის ადგილზე დადგან.
_ისეთი სარდალი არმიისა, როგორიც კონსტანტინე ლელელიძე იყო ან პორფილე ჩანჩიბაძე, ბევრი გვყავს ან მსოფლიოს რომელიმე ხალხს ჰყოლია უთვალავი? წარსული ვისაც ახსოვს, მომავალს ის მართავს კარგად. ეს საკითხი უნდა დავსვათ და ამ ადამიანების ძეგლები უნდა დაიდგას ღირსეულ ადგილზე, _ თქვა მან.
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საბჭოს წევრებმა მოიწონეს შავიშვილის წინადადება. მათ განმარტეს, რომ ეს ბევრნაირი მიმართულებით იქნება საინტერესო და საყურადღებო.
_თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით, როცა აქ მოსული უცხოელები გაეცნობიან დიდი ადამიანების შესახებ ინფორმაციას, ვიზუალურად ნახავენ ძეგლებს, __თქვა „პროგრესის სახლის“ დირექტორმა მინდია სალუქვაძემ.
სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს მერიის წინაშე დასვამენ. ასევე აღნიშნეს, რომ თავის დროზე არ უნდა აეღოთ იქედან, სადაც ძალიან კარგად იდგა.