28 იანვრის მდგომარეობით, ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში ვირუსული დაავადების მატებას ადგილი არ აქვს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 620-მა პაციენტმა სხვადასხვა სახის ჩივილებით მიმართა.
“აქედან მწვავე რესპირატორული დაავადების 26 შემთხვევა იყო მხოლოდ. ვირუსული დაავადება და გრიპი არ გამოვლენილა,”– ეს ინფორმაცია მიაწოდა ,,გურია ნიუსს” ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა, ლუარა კახიანმა.
ვირუსული დაავადების არსებობის და გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავს შპს ,,პედიატრის” მთავარი ექიმიც. ვახტანგ დუნდუას შეფასებით, ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებში ვირუსული დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ლუარა კახიანის თქმით, ვირუსული დაავადების მატება, ზოგადად, ზამთრის ბოლო თვეშია მოსალოდნელი. თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრს გართულებული სიტუაცია არც წინა წლების თებერვალში ჰქონია.
დროებითი ბინადრობის უფლებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს და სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევა. თუმცა, პოლიკლინიკას ამ წლების განმავლობაში პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით მხოლოდ რამდენიმემ მიმართა. მათ ქვეყანაში გავრცელებული ვირუსული დაავადების გამო ჩინელებზე ვერც ეჭვის თვალით ყურებისა და ვერც კორონავირუსის გავრცელების საფუძველს სამტრედიაში ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელი, ლუარა კახიანი ვერ ხედავს.