ზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო.
ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება.
როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას.
„მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
როგორც ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი, ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან.
ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში.
„სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა.
გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა.
სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე.
რამდენად არის გავრცელებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ.
შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს.
„მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ.
ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო.
„წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ხუნდაძემ.