გუშინ, ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ხელმძღვანელობის შეხვედრა გულშემატკივრებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. ყველა დასმულ კითხვას უპასუხა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა კახა ებრალიძემ.
მან უპირველესად წარუმატებლობის მიზეზებზე თქვა:
„რაც მოხდა, ეს იყო შოკი, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი. მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ყველა ნამდვილ გულშემატკივარს და ასევე იმ ადამიანებსაც, ვინც დღეს გარკვეულ მხარეს წარმოადგენს. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ გავაკეთეთ მაქსიმუმზე მეტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ავიცილეთ ის, რისი აცილებაც, როგორც დავრწმუნდით, ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა“, _ თქვა კახა ებრალიძემ.
რა თქმა უნდა, იყო მწვავე კითხვები როგორც ქომაგების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან _ როცა მმართველმა კომპანიამ კლუბში მოიტანა 400 ათასზე მეტი, პლუს დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებიდან და გუნდის დაფინანსება ფონდიდან, რატომ მოხდა, რომ ამ ფინანსებით ლიგაში ვერ დავრჩით?! თუმცა, პოლემიკის შემდეგ ყველა შეთანხმდა, რომ ფინანსები არ ყოფილა მთავარი მიზეზი.
„დიახ, 400 ათასზე მეტი მოვიტანეთ გუნდში _ ამხელა თანხა კერძო პირს „გურიაში“ აქამდე არ მოუტანია. ფონდის დაფინანსება გვქონდა 500 ათასი ლარი, საიდანაც 350 ათასი წავიდა ვალდებულებებში. 140 ათასი იყო ბრაზილიელი ფეხბურთელის საკომპენსაციო თანხისთვის და როცა გუნდში მივედით და მივიტანეთ ფინანსები, მოხდა საჩივრების ორგანიზებულად შემოტანა. ამან, რა თქმა უნდა, დაგვაზარალა. ლიგა-2-ის ხუთეულის გუნდს 800 ათასი სჭირდება, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ფინანსები არ ყოფილა ჩვენი ამ შედეგის მიზეზი“, _ აღნიშნა ებრალიძემ.
გულშემატკივრები ითხოვდნენ დაკონკრეტებას, თუ რატომ ითამაშეს ასე უსუსურად ფეხბურთელებმა და რა იმედი გვაქვს, რომ იგივე არ განმეორდება. კახა ებრალიძემ თქვა, რომ ის აქტიურ კონსულტაციებს გადიოდა ფედერაციასთან და როცა დაისვა კითხვის ნიშნები „გურიასთან“ მიმართებაში, კლუბში სასწრაფოდ ჩატარდა კრება. სამწუხაროდ, ამან შედეგი ვერ გამოიღო. შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ მხოლოდ ერთი გუნდი ვერ მოერევა იმ მანკიერებას (ჩაწყობილ თამაშებს), რაც ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში არსებობს:
„მე ყველა წაგებულ თამაშზე მქონდა ეჭვი, მაგრამ ხელს ვერავის დავადებ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაშიც დარწმუნებული ვარ _ მე პირადად „გურიასთვის“ ერთხელაც არ მიღალატია! თქვენ შეიძლება იმის ეჭვიც გქონდეთ, რომ რაიმეში ჩვენც ვერიეთ, მაგრამ დამერწმუნეთ, „გურიას“ გადარჩენა ჩემთვის იყო ღირსების საქმე და ამისთვის მოვიტანეთ ამხელა ფული“, _ აღნიშნა ებრალიძემ.
მას შეახსენეს პირობა, რომელიც დადო, რომ „გურია“ არ გავარდებოდა:
„7 სეზონი მოგვიხდა გუნდის მართვა სხვადასხვა დროს. ბოლო 15 წლის მანძილზე გუნდი სულ 4-ჯერ გადავიდა ზედა ლიგაში და ოთხივეჯერ ეს ჩვენს დროს მოხდა. ამ 15 წლის მანძილზე 400 ათასი ლარი კერძო ადამიანებს გუნდში არასდროს მოუტანიათ _ მარტო მმართველმა კომპანიამ შეიტანა 300 ათასი ლარი. გასულ სეზონში სხვისი დაწყებული საქმე ჩავიბარეთ და გადავედით მაღალ ლიგაში. მადლობა მინდა ვუთხრა დავით ყენიას და მის გუნდს _ მათ რომ უმოტივაციო გუნდი დაეხვედრებინათ, რა თქმა უნდა, გადასვლას ვერ შევძლებდით. აი, ასეთი შედეგი გვქონდა და კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, თუ გუნდი გავარდებოდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დანაპირები ვერ შევასრულეთ“, _ თქვა კახა ებრალიძემ და იქვე აღნიშნა, რომ არ აქვს გუნდიდან წასვლის პრობლემა:
„ჩვენ გუნდი დავტოვეთ მაშინ, როცა უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ. გგონიათ, რომ ვინმემ მოგვხსნა? არა! ჩვენ გვქონდა ხელშეკრულებები, ვმართავდით გუნდს და შეგვეძლო გაგრძელება, მაგრამ რადგან რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სხვანაირად გადაწყვიტა, გუნდი დაზარალდებოდა და ჩვენ წავედით სახლში ისევ “გურიას“ ინტერესების გამო.
არც ახლაა სახლში წასვლა ძნელი, მაგრამ რჩება პასუხისმგებლობა. თუ ვინმე რეალურად მოვა და მოიტანს ფულს, დღესვე წავალთ, მაგრამ ისე ვერ ვიზამთ, შუა გზაში მივატოვოთ დაწყებული საქმე. აგერ, მალე იქნება აუქციონი და ჩვენ რა გვრჩება _ შრომა მხოლოდ და ფინანსების დამატებით მოტანა! გავაკეთებთ ძლიერ გუნდს, რომელიც წელსვე გადავა ზედა ლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართვის უფლება წლის ბოლომდე გვაქვს, არ ვაპირებთ ამით სარგებლობას და გავიწევით, როგორც კი მოვა მმართველი რეალური ინვესტიციით.
დღეს არის საუბრები, თითქოს ვიღაცას ფული მოაქვს და ხელს ვუშლით. ჩვენ არაფერს ვითხოვთ _ დადონ 300 ათასი ლარი კლუბის ანგარიშზე, ან თუ ეს ადამიანები ფულის მოტანას აპირებდნენ, რატომ არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა ან ვინც მიიღო, 35 ათასზე რატომ შეწყვიტეს? თუნდაც ეს წარუმატებლობა და „გურიასადმი“ ჩვენი სიყვარული გვავალდებულებს, კლუბი გაურკვეველ ვითარებაში არ მივატოვოთ”, _ დასძინა კახა ებრალიძემ.
შეხვედრას ბოლოს შემოუერთდა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, რომელმაც ღნიშნა, რომ გაიმართება აუქციონი და ვისაც სურვილი აქვს, კლუბში ფული ჩადოს, მხოლოდ მიესალმება. მასვე ჰქონდა ემოციური გამოსვლა, რომ ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს „გურიასთვის“ და ისიც დასძინა, ვისაც რამე სათქმელი აქვს, პირადად მითხრას, ზურგს უკან ჭორაობას შეეშვანო.