ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, იყო მოლოდინი, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებდა გადაწყვეტილებას რუსეთის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოეხატათ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ვიცოდით რა იყო კონტექსტი ამ გადაწყვეტილების, მანამდე უკვე ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის დაბრუნების თაობაზე. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და რომელიც უკავშირდება ყირიმის ანექსიას, ეს არის ყველაზე უხეში დარღვევები, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ამ საკითხებზე ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოვახერხეთ კიდეც ეს ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად. ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში ბალტიისპირელი კოლეგები და ასევე ჩვენი უკრაინელი კოლეგები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ქვეყანაში.
„აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ძირითადი ყურადღება არის გამახვილებული ამ ანგარიშში იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე დიდი აქტუალობით სარგებლობს ჩვენთან საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ყურადღება არის გამახვილებული საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო სისტემის საკითხზე და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაიმართება დისკუსია. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით, მათ შორის ჩვენს, კოლეგებს იმის თაობაზე, რომ გრძელდება კონსულტაციები და იმედია არ შეწყდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის პოზიციის გამო. ასევე რაც შეეხება მოსამართლეების და სასამართლო რეფორმის საკითხებს, აქ არის გამახვილებული ყურადღება პოზიტიურ ცვლილებებზე, პირველ რიგში გამახვილებულია ყურადღება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და ასევე გამოთქმულია რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადაიხედოს დამატებით კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს ევროპის საბჭოსთან, საპარლამენტო ასამბლეასთან ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.