ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასში, კლასის ხელმძღვანელმა, პედაგოგმა ნინო ორლოვსკაიამ, რომელიც მუდამ გამოირჩევა შემოქმედებითი მიდგომებით და სულ ახლის ძიებაშია, ამჯერად ახალი აქტივობა მიაწოდა თავის მოსწავლეებს _ წაკითხული ტექსტის შინაარსის მიხედვით, ბავშვებმა ქვაზე მინიატურული ხატვა შეასრულეს.
_ მოვიფიქრეთ ასეთი რამ: რაკი ზამთარია, ბავშვებს წავუკითხე ერთი მოთხრობა, უფრო სწორად მინიატურული ნაწილი, სადაც ზამთრის პეიზაჟი იყო აღწერილი. მივეცი დავალება, რომ რაც მოისმინეს, თითოეულს ეს მოკლედ, ლამაზად დაეხატა ქვაზე. მანამდე, ვიდრე გაკვეთილს ჩავატარებდით, წინა სამზადისი ძალზე მხიარული და სათავგადასავლო იყო. ბავშვებმა თავად შეაგროვეს საღებავები, ფუნჯები, სხვა საჭირო მასალა. მშობლებთან ერთად, მდინარეების ხეობებში მოძებნეს ლამაზი, დასახატად მორგებული ქვები. მშობლები ხუმრობდნენ კიდეც, ამდენჯერ რომანტიკულ გარემოში, სანამ დავქორწინდებოდით, მანამდე არ გვივლიაო, _ ამბობს ნინო ორლოვსკაია.
წაკითხულის შინაარსის გადმოცემა ქვაზე დახატვით, თითოეულმა მესამეკლასელმა საკუთარი ხედვით და ფანტაზიით შეასრულა. მინიატურების შინაარსის აღსაქმელად და გადმოსაცემად, ჯერ ესკიზები დახატეს, შემდეგ კი ნახატის სახით შეავსეს.
_ რაც მთავარია, ერთმანეთისგან გადაკოპირება არ უცდიათ. პირიქით, თითოეული ცდილობდა, თავჩარგულს ემუშავა, საკუთარი ხედვით გადმოეცა ზამთრის სურათი, რაც შესანიშნავად შეძლეს, ერთმანეთზე უკეთესი იყო ყველა. თითოეული ბავშვი ცდილობდა, საკუთარი ხედვით გადმოეცა, როგორ გაიგეს წაკითხულის შინაარსი. ახსნეს, რატომ დახატეს ასე. ასევე, ნახატები შეავსეს საკუთარი თვალით დანახული ზამთრის სურათის წარმოსახვითაც, რაც გარემოში თავად უნახავთ, _ ამბობს კლასის ხელმძღვანელი და ახლა დაგეგმილ გამოფენაზე საუბრობს. მალე ეს ნახატები, ქვაზე გაცოცხლებული ზამთრის სურათები, სკოლის ფოიეში გამოიფინება.
_ ასეთი შემოქმედებითი წიაღსვლა, მარტო კლასის მოსწავლეთათვის არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. უნდა ნახოთ, როგორ ათვალიერებენ ასეთ გამოფენას უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებიც. რაც მთავარია, თავად უფრთხილდებიან სილამაზეს. ცდილობენ, არ დააზიანონ, ადგილის არ შეუცვალონ ნივთებს და უბრალოდ, ხელს არავინ ახლებს. მხოლოდ ათვალიერებენ, ერთმანეთს აზრს უზიარებენ. ეს კი არის მიღწევა მოსწავლის შემეცნებითი აზროვნების განვითარებისთვის, _ ამბობს სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე.
მესამე კლასის ხელმძღვანელი, ნინიო ორლოვსკაია, რომელიც აღნიშნულ კლასში, ქართულის გარდა, მათემატიკასა და ბუნებას ასწავლის, გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი შემოქმედებითი გაკვეთილები, სხვა საგნებშიც ჩაატაროს.