ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებული ორი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდგინდა. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
„გუშინ მოთავსებულ ორ პაციენტთან უკვე ჩატარდა კვლევა ახალ კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხია მიღებული, ანუ გამოირიცხა ახალი კორონავირუსი. ამ ეტაპზე ჩინეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომ აქვს „ბე ტიპის“ გრიპის ვირუსი, ხოლო მეორე პაციენტთან ეტიოლოგიაა ამ ვირუსული ინფექციის. რაც მთავარია, ორივე პაციენტთან გამორიცხულია კორონავირუსი. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტები შესაძლებელია, გაეწერონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იქ გააგრძელონ მეთვალყურეობა სრულ გამოჯანმრთელებამდე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.