თურქეთში ცნობილი ქართველი პოეტის, ქართული ეროვნული ჰიმნის ტექსტის ავტორის, ბატონ დავით მაღრაძის წიგნის ,,უსადაუროს” პრეზენტაცია შედგა. წიგნი თურქულ ენაზე თურქეთელმა ქართველმა ეშრეფ ილმაზმა (გოდერძი მახარაძე) თარგმნა.
ღონისძიებას თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ღონისძიებაზე სტამბულში საქართველოს გენერალურმა კონსულმა და ქართული კულტურის ცენტრმა მიიწვია.
საღამო ორივე სახელმწიფოს ჰიმნით დაიწყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თურქი პოეტები, გამომცემლები, მთარგმნელები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები და ემიგრანტები. დავით მაღრაძის ლექსები თურქმა მსახიობმა წაიკითხა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სტამბულში საქართველოს ელჩმა, გია ჯანჯღავამ დავით მაღრაძეს სპეციალური მოკითხვა და მილოცვა გადასცა თურქეთის ყოფილი პრემიერ – მინისტრისგან.
„გურია ნიუსს“ თურქეთში მცხოვრებმა სამტრედიელმა ემიგრანტმა, ნატალია შათირიშვილმა, ის შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა ამ დღეებში მიიღეს.
აი, რას გვიამბობს სამტრედიელი ემიგრანტი, ნატალია შათირიშვილი:
,,სამშობლოდან შორს მყოფები, ყოველთვის ვერა, მაგრამ როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს, არ ვტოვებთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს. სტუმრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დავით მაღრაძის, საქართველოს ჰიმნის ავტორთან შეხვედრა დიდი პატივი იყო მათთვის. მე კი, პირადად მოხარული ვარ, რომ ასეთი საინტერესო და ნიჭიერი პოეტის შემოქმედებას ემიგრაციაში გავეცანი. მომეწონა მისი სტილი, აზროვნება, მეტაფორები. მადლობა, ქართული დედაენის საზოგადოებას, ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის.
ამ კვირას, ხუთშაბათ დღეს შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ფილმი ,,მევლუდი” გავიდა თურქულ ენაზე თარგმნილი. ამ ცენტრის წარმომადგენლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ემიგრანტებს გვაჩუქონ ლამაზი და დაუვიწყარი საღამოები, სადაც ერთმანეთის სითბო და სიყვარული გვათბობს,“_ ამბობს შათირიშვილი.