დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში, სადაც მამა გაბრიელი დაიბადა, იქ აღევლინა წირვა.
სოფელ ბახვის წმ.ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბესარიონი (ლომინეიშვილი) წიგნში “სიყვარული დაგვიტოვა“ (წიგნის ავტორი ეთერ ქადეიშვილი) წერს:
“სიკვდილი არა არის რა…“ ამბობს ნეტარი ავგუსტინე თავის სანუგეშოში, მართლაც სიკვდილს როცა შევხედავთ ღვთაებრივი სიდიადით, მაშინ გამოდის, რომ წამიდან მარადიულობა უნდა მოიპოვო, ხრწნადიდან უხრწნელება, ბნელიდან ნათელი, არსებობიდან სიცოცხლე და მოკვდავობიდან უკვდავება. აი, ეს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა განიფინება დროში და როცა შენ აწმყოში აღასრულებ იგივეს უწყვეტი პიროვნული კავშირი გაქვს წინა საუკუნეებში მოღვაწე ღვთაებრივი მადლით გასხიოსნებულ ადამიანებთან. ეს ყოველივე შეუძლია ნათლად და ცხადად განგვაცევინოს ყოვლადწიდა სამების ერთარსების და განუყოფელის: მამის, ძისა და სული წმიდის მადლს და მისდამი ცოცხალ და მდუღარე რწმენას.
როდესაც საუბრობ კონკრეტულ ადამიანზე, აუცილებელია მის პიროვნებას ღრმად თუ არა საშუალოდ მაინც იცნობდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საუბარი არაფრის მომცემი ხდება იმიტომ, რომ იცოდე ყოველთვის არ ნიშავს იცნობდე; და როცა იცნობ და გაქვს მასთან შემხებლობა, მარტივია იცოდე ის მრწამსიცა და კრედოც ამ ადამიანისა და შეიმეცნო პიროვნება მისი.
აი, მე, კი მინდა შეგახვედროთ და შემდგომში თქვენ თვითონ გაიცნოთ უდიდესი ადამიანი, ღვთაებრივი მადლით აღვსილი პიროვნება წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძისა. იგი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.
1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი – მღვდლად.
კაცთა მოდგმის მტერმა, ხედავდა რა გაბრიელის კეთილ-ზნეობრივ ღვაწლს, მოინდომა მისი დაცემა და სულიერად გატეხვა.
1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1869 წელს მის განმგეგლობაში შევიდა აფხაზეთის ეპარქია. ხოლო 1873 წელს მას მიემატა სამეგრელოს ეპარქია. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შემდეგ სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება. 18 000-მა აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა. აიგო 200-ზე მეტი ტაძარი, შეკეთდა: ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრები. დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა: 1887 წელს შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი“. ხოლო 1889 წელს – კომიტეტი დავით აღმაშენებლის საფლავზე სამრევლო ეკვდერის განსაახლებლად და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის ახალი სანაწილის გასაკეთებლად. 1890 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გაიხსნა.
იაკობ გოგებაშვილი წმიდა გაბრიელზე ამბობს: _ „ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები… კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა“.
წმიდა მღვდელმთავარი ბევრჯერ უნახავთ ცულით შეშის უპოვართათვის მჩეხელი, ცოცხითა და აქანდაზით უსუფთაოდ დატოვებული ტაძრის დამლაგებელი, ქვრივ-ობლის ყანის მთოხნელი, მზრუნველობას მოკლებულ ადამიანთა მეანი, უპატრონო მიცვალებულების დამმარხველი და ამასთანავე უწყვეტად მლოცველი და შუაღამიანი მსახურებების აღმსრულებელი.
განსაკუთრებით სულიერია მისი ნაშრომები: „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ და „ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისა“.
წმიდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) მაზე ამბობს:_ „მღვდელმთავარი გაბრიელი არის კაცი, რომელმაც მეცნიერება გაასარწმუნოებრივა და სარწმუნოება გაამეცნიერა“ _ო.
მეუფე გაბრიელი მტკიცედ აღუდგა წინ კავკასიის სასწავლო მზრუნველის იანოვსკის წინადადებას, „ქართული სამღვდელოების გონების შეზღუდულობის გამო“ პირველდაწყებით სკოლებში რუსი სამღვდელო პირები დაენიშნათ. ასე მოიქცა მაშინაც, როცა იანოვსკის პოლიტიკის გამტარებელმა, ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სცადა სასწავლებლიდან ქართულის გაძევება. ამის გამო ლევიტსკი გააფრთებით ებრძოდა გაბრიელს და მოითხოვდა მის გადაყენებას ეპისკოპოსობიდან.
ასევე დიდი უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ დაწესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დროდადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.
1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო“.
სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.“
გაბრიელ ეპისკოპოსი აღესრულა 1896 წლის 26 იანვარს, 71 წლის ასაკში. ქართველი ერი მას 46 დღე ემშვიდობებოდა. 1896 წლის 10 მარტს, მისი ნეშტი გელათის ღვთისმშობლის ეკლესიას მიაბარეს.
გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.