გურიაზე საუბრისას ყველას ნოდარ დუმბაძე და მისი ტკბილ-მწარე, გურული იუმორით სავსე პერსონაჟები ახსენდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ზენობანში) მდებარე ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმიც გურიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
სახლ-მუზეუმი მწერლის საცხოვრებელ სახლს არ წარმოადგენს, მაგრამ ის ადგილია, რომელიც ნოდარ დუმბაძეს გამორჩეულად უყვარდა.
მუზეუმი დგას ნოდარ დუმბაძის ბებიისა და ბაბუის სახლის პირდაპირ, სადაც მწერალს სახლის აშენება სურდა. როგორც ცნობილია, მწერალს უნდოდა მამისეულ სოფელში სააგარაკო სახლი ჰქონოდა და არქიტექტურული იერსახეც გონებაში მოხაზული ჰქონდა, მაგრამ ვერ მოასწრო…
მწერლის მეგობარმა ჯემალ დავითაიამ კარგად იცოდა, როგორი სახლის აშენება სურდა ნოდარს, ამიტომ პროექტზე მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინა მწერლის სურვილები.
მუზეუმის ფონდში დაცულია მასალები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე _ ფოტო არქივი, ხელნაწერები, წიგნები, მწერლის პირადი ნივთები და სხვა.
მუზეუმის ეზოში დგას ნოდარ დუმბაძის ქანდაკებადქცეული გმირები: ზურიკელა, ბებია, ილიკო და ილარიონი.
“გურია ნიუსი”, ცოტა ხნის წინ, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და მის ხელმძღვანელს, თამაზ ჩიგოგიძეს სახლ-მუზეუმის წინაშე დღეისთვის არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრა.
სახლ-მუზეუმის დირექტორი იხსენებს, რომ ნოდარი ყოველთვის იუმორით იყო სავსე.
“ყოველთვის იუმორით იყო სავსე. სტუმრებთან მიმართებაში მორიდებული და თავაზიანი”, _ ამბობს ჩიგოგიძე.
მისი თქმით, მუზეუმში ყოველთვის ხალხმრავლობაა, ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ზამთრის სეზონია.
თამაზ ჩიგოგიძე ამბობს, რომ მუზეუმში ბევრი პრობლემაა დაგროვილი, რასაც მოგვარება სჭირდება, უახლოეს მომავალში კი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ეკლესია აშენდეს.
“გვინდა, რომ გავამშვენიეროთ, უკეთესი, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის ეს ადგილი. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და დახმარებას დაგვპირდნენ. მინდა ყორე გაკეთდეს, რადგან ღობეს ძაღლები ამტვრევენ ხშირად.
ბევრი რამეა გასაკეთებელი. კერძო შემოთავაზებაც არის. “კუხნის” ადგილზე ეკლესიის აშენება გვინდა. მყავს მეგობრები, რომლებმაც აქ ეკლესიის აშენების სურვილი გამოთქვეს. ჩემი ბიძაშვილი და მისი მეგობრები ხატავენ და უნიკალურ ხატებს წერენ, ისინიც დაგვეხმარებიან. დაფინანსება ცოტა გვიჭირს”, _ ამბობს თამაზ ჩიგოგიძე და იმედი აქვს ამ დიდ საქმეში მხარდამჭერები გამოუჩნდებათ.
თამაზ ჩიგოგიძე: “აქ ეკლესიის აშენება გვინდა”