საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელიც რუსეთის მოქალაქის ა.ბ.-ის სამშობლოში ექსტრადირების საკითხს განიხილავდა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურას აღნიშნული პირის რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემაზე უარი უთხრა.
ექსტრადირებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა 4 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ა.ბ.-სთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება დაევალა. რუსეთის მოქალაქის ინტერესებს, მისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საქმეზე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი იცავდა.
სააპელაციო სასამართლომ 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს სამართლებრივად წაართვა უფლება, თანხმობა გაეცა ა.ბ.-ის რუსეთში ექსტრადირებაზე, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მინიჭებული, ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.
ა.ბ.-ის დევნა რუსეთში 2017 წელს დაიწყო, რის გამოც მან დატოვა ქვეყანა, ჩამოვიდა საქართველოში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. 2019 წლის 24 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაკმაყოფილა ა.ბ.-ს მოთხოვნა საერთაშორისო დაცვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთიდან მოვიდა საექსტრადიციო მოთხოვნა ა.ბ.-ის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის თაობაზე.
მიგრაციის დეპარტამენტის უარი ა.ბ.-ისთვის სტატუსის მინიჭებაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ა.ბ.-ისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. „42-ე მუხლმა“ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით.
წყარო: article42.ge