დღეს მართლმადიდებელი სამყარო, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულს, მირქმას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს მირქმის დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.
ტაძარში წინასწარ მომზადებულია სუფრა პურებითა და ტკბილეულით, რომელსაც პატრიარქი წირვის შემდეგ აკურთხებს. ნაკურთხი პური და ტკბილეული კი მრევლს გაუნაწილდება.
რაც შეეხება დღესასწაულის ისტორიას, ის VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.