კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრი, გარდა თანამდებობის პირისა, უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად, მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა _ საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისთვის საჭირო ხარჯები.
თუმცა, როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე:
“2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა _ ყოველთვიურად 397.5 ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 148.6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად”, _ წერია დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ, რადგან “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არაფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
“აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი”, _ წერს აუდიტი, რომლის დასკვნითაც შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 148.6 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე.
ყოველივე აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტი რეკომენდაციას აძლევს მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს, რომ არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
“მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე, საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას”, _ წერია აუდიტის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მის მიერ 2019 წელს დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, სადაც ერთ-ერთ თავში ზემოთ ნახსენებ საკითხზეა საუბარი, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 27 იანვარს გადმოუგზავნა.
“გთხოვთ გააცნოთ აღნიშნული ანგარიში საკრებულოს წევრებს, განიხილოთ საკრებულოს სხდომაზე და შედეგების შესახებ აცნობოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს”, _ წერია მომართვაში, რომელსაც ხელს თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი აწერს.
ჯერჯერობით, უცნობია, განხილვის შემდეგ რა შედეგს დადებს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან მიმართებით, რომელიც 45 ფურცლისგან შედგება და ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის არა ერთ ფაქტს მოიცავს.