საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა.
„ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.