გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის ოქტომბერში რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე, არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც.
ისინი რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევის გახორციელებაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაცია მოხვდა The Washingtonpost-ის ობიექტივშიც.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ პენტაგონმაც და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც განაცხადეს, რომ რუსეთი ჩადენილ კიბერდანაშაულზე პასუხს აგებს, მაგრამ არცერთ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ როგორ დასჯიან რუსეთს.
კიბერუსაფრთხოების ფირმის FireEye დაზვერვის ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსის, ჯონ ჰულტკვისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პომპეომ Sandworm ჰაკერები დაუკავშირა გრუ-ს ჯგუფს 74455. როგორც ადრე იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, 2016 წელს ჯგუფი 74455 მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევაში.
როგორც გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა „ალბათობის მაღალი ხარისხით“ დაადგინა, ამ შეტევების უკან სწორედ რუსეთი დგას. შეტევები წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მტრულ და დესტაბილიზაციისკენ გამიზნულ ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს“.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, გრუ-ს თავხედური და უპასუხისმგებლო კიბერშეტევების კამპანია საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია.
ავსტრალიის მთავრობა კი გმობს „რუსეთის მავნებლურ კიბერსაქმიანობას, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გამიზნული იყო საქართველოს წინააღმდეგ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის.
“გასული წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა თავხედური კიბერშეტევა, რომელმაც ზიანი მიაყენა სახელმწიფო უწყებებს, მედიას და ბიზნესს. ეს არის მიუღებელი აქტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას“,_ წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ტვიტერზე.“
სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ეს განცხადებები მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული შეშფოთების ფონზე გაკეთდა, რომელიც ეხება აშშ-ის არჩევნების დაუცველობას ჰაკერული შეტევებისგან.
როგორც ცნობილია, დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტი დრონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა მოსკოვი, არ ჩაერიოს აშშ-ის არჩევნებში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იმავე დღეს ლავროვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცალკე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოიჭრა, ამჯერად პომპეოს მიერ.