ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განუცხადა, ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება პენიტენციური დაწესებულების ნორმებს.
დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რადგან, გამოირკვა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმედაა ავად, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას“, – განაცხადა აბრამიშვილმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იმავე წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.