გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე თევდორაძის შეხვედრა სუფსაში, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებიც ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხაზე გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ჯერ კიდევ თებერვლის მიწურულს შედგა.
მაშინ ალექსანდრე თევდორაძემ ადგილზე, მოსახლეობასთან შეხვედრით სცადა, გარკვევა, თუ რა კონკრეტული პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებს.
საქმე ისაა, რომ ახალი ავტობანის მიმდებარე მიწის ნაკვეთები ხელისუფლებამ, კერძოდ კი გზების დეპარტამენტმა მოსახლეობისგან უკვე შეისყიდა გარკვეულ ფასად. უფრო სწორად, ხალხს შესთავაზეს კონკრეტული ფასი, რომელიც 2018 წლიდანვე დავის საგნად იქცა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ შეთავაზებული თანხა ცოტაა და ამავე კატეგორიის მიწებზე სხვა ადგილებზე გაცილებით მეტი საკომპენსაციო თანხები გაიცა.
მაშინ ალექსანდრე თევდორაძემ მოსახლეობას აუხსნა, რომ ნაკვეთის შეფასება დეპარტამენტის მოვალეობაში არ შედის, ვინაიდან ამ საქმეს, ანუ განსახლების გეგმას ადგენს ის კომპანია, რომელიც დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს და სწორედ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება საკომპენსაციო თანხების გაცემა. აღინიშნა ისიც, რომ მიწის ფართობები კატეგორიების და სხვა უამრავი კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და შესაბამისად, საკომპენსაციო თანხებიც ამის მიხედვით გაიცემა. პასუხისმგებლობაც სწორედ იმ კომპანიას აკისრია, ვინც განსახლების გეგმა შეადგინა და დეპარტამენტი არაფერ შუაში არისო, _ დასძინა.
თუმცა, სტუმარმა ამ შეხვედრისას ბოლომდე ვერ გაარკვია, კონკრეტული მოთხოვნების სამართლიანობის საკითხი და მისივე ინიციატივით გადაწყდა, რომ დროის მოკლე ხანში გაიმართებოდა მუშა შეხვედრა, სადაც არგუმენტირებულად მოხდება საკითხების შესწავლა, რომელსაც დაესწრებიან აგრეთვე იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც განსაზღვრეს საკომპენსაციო თანხების ოდენობა მოსახლეობის საყანე ფართობებზე.
როგორც გაირკვა, ეს მუშა შეხვედრა არ შედგა და ამის მიზეზად კორონავირუსის ფაქტორი სახელდება. ამის თაობაზე განმარტებას სუფსის მკვიდრი ხათუნა გუჯაბიძე აკეთებს, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას და ამბობს, რომ მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნაა, დაიწყოს გამოძიება.
„ეს დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა, რადგან ალექსანდრე თევდორაძემ ჩამოუსვლელობის მიზეზად კორონავირუსის ფაქტორი დაასახელა.
ჩვენ, 30 ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსგან მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას, რადგანაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დიდ ფინანსურ აფიორასთან. კერძოდ, არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ნაკვეთები ჯერ იყოს შესყიდული გზების დეპარტამენტისთვის სანდო კერძო პირისგან, რომელმაც ჩამოგვირიცხა 1 კვ.მ-ზე 5 ლარი, ხოლო შემდეგ კი, სავარაუდოდ, მას დაერიცხა სახელმწიფოსგან ის თანხები, რომელიც შეესაბამება ჩვენი ნაკვეთის ფასებს. ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის, ხელშეკრულებები გაფორმდა მესაკუთრეებთან „ცალმხრივად“, ანუ ჩვენ არ გვინახავს მასზე ხელისმომწერი მეორე მხარე, რომელსაც უნდა წარმოედგინა საბუთი მისი უფლებამოსილების შესახებ. მეტიც, ამ პიროვნებების შესახებ არ დევს ინფორმაციები საჯარო რეესტრშიც, საიდანაც დამატებითი მოთხოვნა მათი ვინაობის დასადგენად გადაიგზავნა იუსტიციის სახლში. პასუხი უნდა მიგვეღო 5 დღეში, თუმცა, 18 თებერვლიდან დღემდე ველოდებით!
ასე რომ, კორონავირუსი არაფერ შუაშია, სხვა ვირუსთან გვაქვს საქმე“, _ დასძენს ხათუნა გუჯაბიძე.