დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭის წყლის ხეობაში, ადგილობრივთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.
როგორც ლიხაურელებმა გვითხრეს, მიუხედავად არაერთი აქციისა და დაპირებისა, შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ მაინც შევიდა მდინარის კალაპოტში და „გზამშენი 18“-ის მიმდებარედ, ხრეშის „აისბერგები“ დააგროვა.
_ ნახეთ, რას შვებიან, ეს არის ხრეშის მოპოვება? სანამ ვიყვიროთ? კი, ვასაჩივრებთ, მაგრამ სანამ სამართლებრივად გადაიჭრება, როგორ გავაჩეროთ ეს მტაცებლები? 50 წელია, უცვლიან აჭისწყალს კალაპოტს და ვერ წაიყვანეს თავის ჭკუაზე, ვერც თქვენ წაიყვანთ, მაგრამ იმხელა ტბები და გორები რომ დააყენეთ, იქ რომ ბავშვი საბანაოდ გაგვეპაროს და ჩავარდეს, თქვენ გეძებოთ? და თუ გნახეთ, ხომ გაგათავეთ ადგილზე! რას დაამსგავსეთ აქაურობა, „კორონა“ კი არა ქოლერაც ხართ და უარესი, – ბრაზობდნენ აქციის მონაწილეები და კომპანიის წარმომადგენლისგან, გელა დუმბაძისგან, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მოითხოვეს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მუშაობა და გაეყვანათ ექსკავატორები მდინარის კალაპოტიდან.
გარემოს დამცველებმა, ირმა გორდელაძემ და ლევან მგელაძემ მიმართეს დუმბაძეს, რომ ნუ არღვევდა დაპირებას და დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მუშაობა.
თავის მხრივ, გელა დუმბაძემ (რომელიც როგორ ადგილობრივებმა თქვეს, წესიერ პიროვნებად იცნობენ და კომპანიაც კარგი სახელით სარგებლობს), თავი იმართლა, რომ ადგილმონაცვლე ტერიტორია არ მოიძებნა და ამიტომ ისევ გააგრძელეს მუშაობა ძველ ადგილზე.
_რას მერჩით? ბიუჯეტში არ შემაქვს თანხა თუ მითითებულ ადგილზე არ ვმუშაობ, სადაც ლიცენზიით გვაქვს ნება დართული? დამპირდით, რომ ადგილმონაცვლე ტერიტორიას მომიძებნიდნენ, თუმცა ეს დღემდე არ მოხერხდა. ამიტომ ვმუშაობთ. რას ვაშავებთ? _ ჰკითხა აქციის მონაწილეებს გელა დუმბაძემ.
_თქვენ მოსპეთ აქაურობა, ბიუჯეტში რა შეგაქვთ იმდენი, რასაც იღებთ? ფულისთვის დარბიხართ თქვენ. ვის უყურებთ, შვილო, ჩვენ გვიყურე. ამ ჭალაში თაობები იზრდებოდა, აჭის წყალი მარტო წყალი გგონიათ? აქ რომ ბავშვები ჩაგვეხრჩოს, ვინ აგებთ პასუხს?! რას დაამსგავსეთ, ესაა მუშაობა, გული წაუვა ადამიანს, ამ ხეობის შემხედვარეს? აჭის წყალს თავი დაანებეთ, წადით აქიდან, ეს კარიერის უნდა გაუქმდეს!_ უთხრა დუმბაძეს ლიხაურელმა მართა მუჯირმა.
ლიხაურის მკვიდრმა, სასულიერო პირმა მამა მათემ სთხოვა გელა დუმბაძეს, ერთი თვით შეაჩერონ მუშაობა, სანამ სამართლებრივად გადაწყდება საქმე.
_ შესაძლოა, ამას ერთი თვეც არ დასჭირდეს. როგორც კი პასუხს მივიღებთ, შეგატყობინებთ. გვაქვს პეტიცია, რომელსაც ათასი კაცი აწერს ხელს. პირადად თქვენზე კი არ არის საქმე, ეს კალაპოტი, ხუთ კილომეტრზეა მოქცეული კარიერში, კიდევ იმდენს დაამატებენ, თუ გააგრძელებენ მუშაობას. როგორმე უნდა შევთანხმდეთ, _ უთხრა მან დუმბაძეს.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეები და კომპანიის წარმომადგენელი შეთანხმდნენ, რომ ერთი თვით შეწყდება მუშაობა, თუმცა, აქციის მონაწილეთაგან ბევრს ეჭვი შეეპარა, რომ აღნიშნული კომპანია კვლავ დაარღვევს პირობას.
_ არ გაბედოთ აქ ჩამოსვლა, თორემ ცუდად დაამთავრებთ, _ დაუბარეს მათ კომპანიის წარმომადგენელს.