საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რას ითვალისწინებს აღნიშნული საგანგებო მდგომარეობა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა.
როგორც კონსტიტუციონალისტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, სახელმწიფო განსაკუთრებული მართვის ეტაპზე გადადის და ის მოდელი, რომელიც გამოცხადდა მოქალაქეებს გარკვეულ უფლებებს უზღუდავს, ხოლო ხელისუფლებას გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების საშუალებას აძლევს.
„საგანგებო მდგომარეობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო განსაკუთრებული მართვის ეტაპზე გადადის. პირველ რიგში, საგანგებო მდგომარეობის ის მოდელი, რომელიც გამოცხადდა, ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სახელმწიფო ორგანოებს ეძლევათ გარკვეული უფლება, რომ მათ გადაწყვეტილებები მიიღონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის. მათ შორის, შეზღუდონ ადამიანების შეკრების თავისუფლება, საკუთრების უფლება. ძირითადი ნაწილი, რაზეც იყო ლაპარაკი არის ის, რომ სახელმწიფოს გარკვეული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. მოგეხსენებათ, იგივე თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, აქამდე ქმედითი ბერკეტი ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენების სახელმწიფოს არ ჰქონდა“,_ ამბობს ჩოკორაია.
კოტე ჩოკორაია, ასევე, აღნიშნავს, რომ მართალია, ადამიანებს უფლებები ეზღუდებათ, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ გადაადგილების საშუალება და ქვეყანაში არც კომენდანტის საათია გამოცხადებული.
„მოქალაქეებს, ეზღუდებათ უფლებები, თუმცა, ასევე აუცილებელია იმის თქმა, რომ არსებულ რეჟიმსა და რაც აქამდე იყო, მას შორის, განსაკუთრებული ცვლილება არის ის, რომ ათ ადამიანზე მეტს ეკრძალება შეკრება და დანარჩენ შემთხვევაში, ვალდებულები არიან, დაიცვან თვითიზოლაციის წესები და მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება, რომ კიდევ უფრო არ შეუწყონ ხელი ვირუსის გავრცელებას. საზოგადოების მიმართ მნიშვნელოვანი იყო მოლოდინი, ხომ არ დააწესებდა საერთოდ გადაადგილების აკრძალვას, ან კომენდატის საათს. ამ ეტაპზე ამაზე არ არის ლაპარაკი. მოქალაქეებს აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა, მაღაზიაში შესვლის, სამსახურში მისვლის შესაძლებლობა, ვინც მუშაობს არადისტანციურ რეჟიმში“, _ ამბობს ჩოკორაია.
შეკითხვაზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული ცვლილება, ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვას, კონსტიტუციონალისტი გვპასუხობს, რომ ეს ისეთ ადგილებს ეხება, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.
„დოკუმენტი ჯერ არ მინახავს, ამიტომ რთულია ამ ყველაფრის თქმა. მაგრამ ეს შეზღუდვა, ძირითადად, ეხება ქელეხებს, ქორწილებს, მსგავსი ტიპის შეკრებებს, რადგან ასეთ ადგილებში ვირუსის გადადების რისკი მაღალია“,_ ამბობს ჩოკორაია.
ამავე თემაზე:
რა ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში _ პრეზიდენტის დეკრეტი