მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურებიან 20 მარტს ორი ტელეკომპანიის – ტვ „პირველისა“ და „მთავარი არხის“ ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს დადებას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, COVID-19- ის ეპიდემიის გამო შექმნილი რთული მდგომარეობისა და მედიის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ინკასოს მოხსნისა და ტელეკომპანიების შეუფერხებლად ფუნქციონირების ხელშესაწყობად.
2020 წლის 20 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიების, ტვ „პირველის“ და „მთავარი არხის“ ანგარიშებს საგადასახადო ინკასო დაედოთ. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ტელეკომპანიებს ინკასო დაედოთ ავტომატურად და კონკრეტულად მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვინმეს არ მიუღია.
„ცალკეული მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკა, ყველა ხელისუფლების პირობებში აქტიურად გამოიყენებოდა და გამოიყენება მედიაზე ზეწოლის იარარად. მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი არაერთხელ გამოეხმაურნენ და დაგმეს ის დისკრიმინაციული მიდგომა, რასაც მოქმედი ხელისუფლება საკუთარი საგადასახადო პოლიტიკის გატარებისას იყენებს და განსხვავებულად ეპყრობა ცხადად პროსახელისუფლებო და ოპოზიციურ მედია საშუალებებს, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს ფინანსთა მინისტრის არგუმენტების ნამდვილობას.
COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ტელევიზიებისთვის ინკასოს დადების გადაწყვეტილება განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ეპიდემიის გავრცელების პირობებში, მოსახლეობის ინფორმირებულობა მნიშვნელობანია, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლის გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება იქცეს ქვეყანაში გამოცხადებული დაგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ქვეყანაში არსებული რთული ვითარება, ამ პერიოდში ტელეკომპანიებისათვის არსებული სირთულეები და მიიღოს დროებითი ზომები, რითაც დაუყოვნებლივ მოეხსნება ინკასო ტელეკომპანიებს“,_ ნათქვამია მედიის ინსტუტუტისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.