ვირუსი არის ხალხის ნომერ პირველი მტერი, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა გააკეთა. მისი თქმით, „კოვიდ 19“-ის პანდემია გრძელდება და „მხოლოდ საზღვრების ჩაკეტვითა და შეზღუდვების დაწესებით“ ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდება.
„ადამიანების სახლში დარჩენით და მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით მხოლოდ დროს ვიგებთ და ჯანდაცვის სისტემას ზეწოლისგან ვიცავთ, თუმცა მხოლოდ ეს ზომები ეპიდემიას არ აღმოფხვრის“, – განცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა
მისივე თქმით, მსოფლიომ შექმნა ახალი „შესაძლებლობის ფანჯარა“ ვირუსთან საბრძოლველად, თუმცა ახლა მთავარია, „ამ შანსის სწორად გამოყენება“.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ ექვს გადამწყვეტ ნაბიჯს – გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიის ეპიცენტრში გააგზავნეთ თქვენი ჯანდაცვის პერსონალი. მეორე – აამოქმედეთ სისტემა, რომლითაც ყველა საეჭვო შემთხვევას თემის დონეზე გამოავლენთ. მესამე – გაზარდეთ წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა. მეოთხე – განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტების იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად. მეხუთე – შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ. მეექვსე და უკანასკნელი – მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება „კოვიდ 19“-ის კონტროლსა და შეკავებაზე“, – განაცხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.