იმერეთში, საირმის საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით სამტრედიელია.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ მასალებში ნათქვამია, რომ საფრანგეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მამაკაცს მწირი კონტაქტები ჰქონდა.
ამ უკანასკნელმა სამტრედიელებში შიშის ფაქტორი გამოიწვია.
,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს.
გოჩა გიორგიძის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში პანიკის საფუძველი არ არსებობს:
,,საფრანგეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას პრაქტიკულად არვისთან არ ჰქონია კონტაქტი. ის პირდაპირ აეროპორტიდან გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში, თუ არ ჩავთვლით იქ დაცულ კონტაქტებს. ორი თანამშრომელი იყო, რომლებსაც პირზე პირბადე და ხელებზე ხელთათმანები ჰქონდათ, ეცვათ პირადი დაცვის აღჭურვილობა. მსგავსი ტიპის კონტაქტი არანაირი რისკის შემცველი არ არის.”
გოჩა გიორგიძის თქმით, საფრანგეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდას ახალი კორონავირუსი იმერეთის ლაბორატორიაში დაუდგინეს და მას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უტარდება მკურნალობა.