ლანჩხუთის საკრებულოს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასვლითი სხდომის გამართვა მოუწია კულტურის სახლის დარბაზში, სადაც დეპუტატები ნიღბებითა და ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით იჯდნენ.
„ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები, რაც საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება”, _ მიმართა სხდომაზე მყოფ დეპუტატებს სხდომის წამყვანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ და მადლობა გადაუხადა მთავრობას ეფექტურად მუშაობისთვის, ექიმებს, პოლიციას, ჯარს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.
კულტურის სახლში გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის დამტკიცებას. პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 000 ლარი გამოეყო, რომელიც ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში გარე განათების მოწყობას, სასოფლო გზების მოხრეშვას, წყლის სისტემის რეაბილიტაციას (სათავე ნაგებობის აღდგენა, წყლის რეზერვუარის შეძენა, წყლის მაგისტრალის და მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების შეცვლა-აღდგენა), მინი სტადიონის, მოსაცდელის მოწყობას, სანიაღვრე არხების გაწმენდას და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
საკრებულომ ასევე მოიწონა 2020 წელს რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, რომლის ჯამური ღირებულება 5 500 000 ლარია. აღნიშნული თანხიდან ღრმაღელე- ორმეთი- ომფარეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე სამი მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის 2 500 000 ლარი მიიმართება.