საქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა.
„პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება 70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს.
ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას უკავშირდება.