1724 წელს კურიერმა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს ამბავი მოუტანა – იმპერატორი პეტრე I მას რუსეთში იწვევდა. იმპერატორი ითხოვდა, მეფეს თან ეახლა რამდენიმეათასიანი ჯარი და დაერწმუნებინა ქართველები, გადასახლებულიყვნენ რუსეთში და დასახლებულიყვნენ რუსეთ-საქართველოს საზღვართან.
XVIII საუკუნის 20-ანი წლებიდან სპარსეთი დაუძლურების გზაზე იდგა. ამას ხედავდა სამეზობლო – რუსეთი და ოსმალეთიც. რუსეთის იმპერატორს სპარსეთში საკუთარი ინტერესები ჰქონდა, – პირველ რიგში, ეკონომიკური ხასიათისა. რუსეთს სჭირდებოდა კასპიის ზღვის მიდამოების ათვისება, ამის დასაკმაყოფილებლად და გასაჩარხავად პეტრეს დამხმარე სჭირდებოდა და მან გადაწყვიტა ვახტანგ VI-ის გამოყენება. ქართლის მეფემაც გადაწყვიტა მომენტი გამოეყენებინა და სპარსელებისაგან განთავისუფლებულიყო. მან სამხედრო კავშირი შეკრა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან. ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ თითქოს პეტრე I შეწუხებული იყო საქართველოსა და იქ მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობის სავალალო მდგომარეობით, სურდა მათი დახსნა სპარს-ოსმალოებისაგან და ამიტომაც აპირებდა მათ წინააღმდეგ გალაშქრებას. რუსების ეს დიპლომატიური ხრიკები ქართველებმა სინამდვილედ მიიჩნიეს. `რელიგიასა და ეროვნებას ჩვენი წინაპრები ერთი მეორეში ვერ არჩევდენ. ეგონათ, რომ ყოველი ქრისტიანი, თუ კი ის მართლმადიდებელი იყო, საქართველოსთვისაც იზრუნებდა. როგორც მკვიდრი ქართველი. ყველაფერს სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ზომავდნენ და გარეშე საქრისტიანო სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროს ამითვე ხელმძღვანელობდნენ~., წერდა ავტორი დომენტი ოყრეშიძე. ალბათ, აქედან დაიწყო საქართველოს სამეფოს დასასრულის დასაწყისი, მისი გაქრობა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან.
1722 წელს რუსეთის ჯარი დარუბანდისკენ დაიძრა, ვახტანგ VI კი ჯარით განჯაში ჩავიდა, სადაც უნდა შეერთებოდა რუსებს. მაგრამ პეტრე I-მა გეგმა შეცვალა და ლაშქრობა 1724 წლისათვის გადადო. ამით კი ვახტანგ VI ორ ცეცხლს შუა ჩააგდო: რუსებთან დამეგობრება არც სპარსეთს და არც ოსმალეთს არ ეპიტნავა. `საქართველო გადიდებისა და გაძლიერების მაგიერ მტრის სათარეშო გახდა: ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდა ხელში, ლეკებმა ხალხს ცარცვა-გლეჯა დაუწყეს. ვახტანგ მეფეს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიური აღორძინებისათვის დაუღალავი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმაშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, პეტრე I-ისაგან ასე მოტყუებულსა და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულს საქართველოთდგან გახიზნვის მეტი აღარაფერი დარჩენოდა…~ – წერდა ივანე ჯავახიშვილი. ეს პრელუდია იყო იმ მზაკვრული და მუხანათური პოლიტიკისა, რომელიც რუსეთი ახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ და რომლის სიავე ქართველებმა ძლიერ გვიან გაიაზრეს და მიხვდნენ, რომ `იმ მოკავშირეზე უარესი მტერი, რომელსაც თავიანთი ბედი მიანდეს, ორი ათასი წლის განმავლობაში არ ჰყოლიათ.
სწორედ მაშინ მოუვიდა იმერეთში გახიზნულ ვახტანგ მეფეს პეტრეს შიკრიკი, რამაც ძალიან გაახარა: მას კიდევ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთიდან უკან სამშობლოში ის რუსულ ჯართან ერთად დაბრუნდებოდა, მტერს გაჰყრიდა, საქართველოს გააერთიანებდა და ფეხზე წამოაყენებდა. რუსეთში წასვლის მისი გადაწყვეტილება ხალხისთვის მეხის დაცემას ჰგავდა – ისინი სთხოვდნენ მეფეს, ამ უბედურობის ჟამს, სახლში დარჩენას ან კიდევ ერთ-ერთი შვილის დატოვებას მაინც. `ეგების მოშველებამდინ (ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მეფე მათ მალე მოეშველებოდა რუსის ჯარით) სულ არ წავხდეთო~. ვახტანგ მეფემ `ქართველთ ხვეწნა ტირილს ყური არ ათხოვა~, და რუსეთში საკუთარი ოჯახით გადავიდა, თან წაიყვანა 1186 კაცი. ვახტანგის ხალხმრავალმა ამალამ არათუ განაცვიფრა რუსები, არამედ იმედგაცრუებული დატოვა იმით, თუ რა ცოტა ქართველი ჩამოიყვანა მეფემ. საქმე ისაა, რომ რუსული ხელისუფლება, ქართველებისგან განსხვავებით, ყველაფერს პრაგმატული თვალსაზრისით უდგებოდა. ვახტანგ მეფე და მისი ამალა ეს იყო იარაღი მათი პოლიტიკის განსახორციელებლად, ქართველები სამხედრო მასალა და ის ელემენტი, რითაც სურდათ დაესახლებინათ კასპიისპირეთის ახალი ტერიტორიები) .პეტერბურგში ვახტანგ მეფეს და მის ამალას ზარბაზნების სროლითა და დიდი ზეიმით შეხვდნენ, თუმცა ის უფრო მადლიერი იქნებოდა, რომ მის პატივსადებათ დახარჯული წამალი საქართველოს მტრების წინააღმდეგ მიმართულიყო.
პარალელურად კი პეტრემ ოსმალეთთან ზავი დადო, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა ეს ტერიტორია მის საკუთრებას არ წარმოადგენდა… სამაგიეროდ, კასპიის ზღვის სანაპიროებზე მდებარე ადგილები უომრად ჩაიგდო ხელში.
ვახტანგ მეფისა და მისი ქვეშევრდომების რუსეთში გადახვეწა იწვევდა აქტიური ბრძოლიდან თავის არიდებას და ძნელბედობასთან პასიური შერიგების ტენდენციებს. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველი ემიგრანტები `კასპიის ზღვის ირანული პროვინციების დაჭერა-ათვისებაში გამოეყენებინა. რაც შეეხება დახმარების აღმოჩენას, ქართველებს განუსაზღვრელი ვადით უნდა ელოდათ, `სანამ უფალი ღმერთი იმპერატორს არ მისცემდა რაიმე შემთხვევას ძლიერი დახმარების აღმოსაჩენად….
ვახტანგ მეფემ რუსეთში მრავალწლიანი ცდის შემდეგ სანუკვარ ოცნებას ვერ მიაღწია და 1738 წელს გარდაიცვალა.