ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს.
“გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა – შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.
სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება.
ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები:
“ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა.
არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს:
“პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.