როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისთან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა იყოს აშკარა სხვაობა, თუ რა კეთდება კრიზისის პერიოდში და რა გაკეთდება პოსტკრიზისულ პერიოდში.
პრემიერის თქმით, უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე. ამისათვის უკვე მღებულია საგარანტიო საკრედიტო სქემების ამუშავების გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა საუბარია კრიზისიდან გამოსვლის ეტაპზე.
„აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საგარანტიო საკრედიტო სქემები, რომლის საშუალებითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებაში. რეალურად ჩვენ ახლა რაც დავთვალეთ, შეგვიძლია დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კრედიტების ასე თუ ისე გარანტიების სქემებით დახმარება. ოღონდ ეს არის პოსტკრიზისული პერიოდი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ბევრთან შედარებით ადრე დავიწყეთ ეპიდემისათან ბრძოლა, დღეს უკვე უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა – რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენჯერმე ვთქვით უკვე, რომ ყველაზე დიდი გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის დაიწყება, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას“ ,– განაცხადა გიორგი გახარიამ.