კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო მოხელეების წახალისებას არ გეგმავს, _ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა.
„საჯარო მოხელეების წახალისებას არ ვგეგმავთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჯერჯერობით, არავის წახალისება არ იგეგმება. ჩვენი რესურსები ახლა მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი თანამოქალაქეების სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“,_ გვიპასუხა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი საქმიანობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიები გაიცა იმ ადამიანებზე, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ სამუშაოებში 24 საათის განმავლობაში იღებენ მონაწილეობას.
როგორც მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტა, პრემიების გაცემა აღნიშნული თანამშრომლების წახალისებას ისახავდა მიზნად.