გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და ციტრუსების შემდეგ, ერთ-ერთ შემოსავლიან კულტურად ითვლებოდა. იმ პერიოდისთვის დაფნის პლანტაციების ფართობი 6-7 ათას ჰექტარს შეადგენდა.
პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყო, მცირე ნაწილი გადიოდა ექსპორტზე.
დღეისთვის დაფნის პლანტაციების ფართობი 1500 ჰა-მდე აღირიცხება ცალკეული ნარგაობის სახით. ყოველწლიურად 4-5 ათასი ტონა პროდუქცია გადის ევროპისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.
დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ ფერმერებს, ცალკეულ კომპანიებს, კერძო მოსახლეობას ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა. შესაბამისად, გაიზარდა მომართვიანობა, რათა დაფნის კულტურა შევიდეს პროგრამა _ “დანერგე მომავლის” მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ჩამონათვალში.
უნდა აღდგეს და გაძლიერდეს თუ არა საქართველოშიდაფნის კულტურა?
2017 წელს ა(ა)იპ “ექსპორტის განვითარების ასოციაციის” მიერ, USAID/REAP-ის დავალებით ჩატარებული კვლევა-ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს საქართველოში დაფნის წარმოების არსებულ და პოტენციურ მოცულობებს, ასევე, რეალურად მისაღწევ ხარისხის სტანდარტებს და საექსპორტო შესაძლებლობებს. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტზე.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1 500 ჰექტრამდე დაფნის ერთეული ხეები, საიდანაც საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე 3-დან 5 ტონას უდრის. მთლიანი წლიური მოცულობა შეადგენს 4-5 ათას ტონა დაფნის გამომშრალ ფოთოლს. საქართველოში მოქმედი დაფნის მწარმოებელი კომპანიები ნედლეულს, უმეტესად, მცირე საკარმიდამო ნაკვეთებიდან იძენენ, რომელთაგან თითოეულს, საშუალოდ, 2.5 ტონა დაფნის ნედლი ფოთლის (თავისი ნედლი ღეროებით) მიწოდება შეუძლია. დაახლოებით, 5 კგ. ღეროიანი ნედლი ფოთოლია საჭიროა 1 კგ. გამომშრალი დაფნის ფოთლის საწარმოებლად.
სტატისტიკური მონაცემებით, ათი ათასი საკარმიდამო ნაკვეთია ჩართული დაფნის ნედლეულის მიწოდებაში. ამჟამად საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს დაფნის საკუთარი პლანტაცია.
დანარჩენი 97% კერძო საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეძენილი ნედლეულია. ამ დროისთვის, საქართველოში წარმოებულია 4 135 ტონა საექსპორტო პროდუქცია. საქართველოში დაფნის ფოთლის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტიორები არიან თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, უზბეკეთი; უმნიშვნელო ექსპორტი ხორციელდება პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ნიგერიაში, ფილიპინებზე, ესპანეთსა და ბულგარეთში.
საქართველოში დაფნის გამომშრალი ფოთლის საექსპორტო ფასები 2.2-დან 7.5 დოლარამდეა, ხოლო წვრილად დაჭრილ და დაფქვილ პროდუქციაზე 0.22-დან 1.6 დოლარამდე. ფასების ცვალებადობა დამოკიდებულია ფოთლის სიგრძეზე, ფერზე, ზომაზე, ეთერზეთების შემადგენლობაზე, გაუტეხელი და დაზიანებული ფოთლების პროცენტული რაოდენობაზე, ასევე, ფოთლებზე არსებული შავი/ყავისფერი ლაქების რაოდენობასა და ღეროების რაოდენობაზე დაფნის გამომშრალი ფოთლის ყოველ ერთ კილოგრამში. აი, ესაა პირობები, რომლებიც უნდა ახსოვდეს მეურნეს და მკაცრად უნდა იქნას დაცული დაფნის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში.
დაფნის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში საქართველოს გააჩნია სერიოზული კონკურენტები. ასეთია თურქეთი, რომელიც ითვლება დაფნის წარმოებისა და ექსპორტის მსოფლიო ლიდერად. იგი რჩება საქართველოსთვის დაფნის ფოთლის ერთ-ერთ იაფ უმთავრეს საექსპორტო ბაზრად. იმპორტირებული დაფნა თურქეთს საკუთარი დაფნის ფოთოლთან ერთად გააქვს რეექსპორტზე მსოფლიოს 78 ქვეყანაში. 2016 წელს 14 073 ტონა პროდუქცია გაიტანა.
ამრიგად, უნდა გაჩნდეს ინტერესი და მოტივაცია საქართველოში წარმოებული დაფნის ფოთლის მოცულობების გადიდებისა და საექსპორტოდ პირდაპირი კავშირების ძიებისკენ. თუმცა, ბოლო წლების ინფორმაციით, მოძიებულია მრავალი ქვეყანა ხარისხიანი დაფნის ფოთლის, ეთეროვანი ზეთის და სხვა პროდუქციის პირდაპირი ექსპორტისთვის. ამისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის მქონე ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი და სხვა.
დღეისთვის დაფნის ნარგაობა, საიდანაც საექსპორტო პროდუქცია მზადდება, ველურ მდგომარეობაშია და მოვლა-პატრონობის სერიოზული დეფიციტს განიცდის. ძირითადი ოპერაცია, რაც ამ ნარგაობაში ტარდება, გახლავთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ღერო-ფოთლების აჭრა და რეალიზაცია. ნარგაობა მოკლებულია განოყიერების, ნიადაგის დამუშავების, შეწამვლისა და გასხვლა-ფორმირების აგროტექნიკურ ღონისძიებებს.
ნედლეული ექსპორტიორების მიერ შეფასებულია, როგორც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მაგრამ თუ გვინდა პერსპექტივაში გადავიდეთ დაფნის სამრეწველო (შპალერული წესით) ნარგაობის გაშენებაზე, თავიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კულტურის მოვლა-მოყვანის მეცნიერულად შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებები, რაც უპირველეს ყოვლისა, გაზრდის ხარისხიანი ფოთლის მოსავლიანობას და ნედლეულში ეთერზეთების შემცველობას.
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მიერ მზადდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიეწოდება მოსახლეობას.
განვაახლოთ ძველი ნარგავები
ახლა, რაც შეეხება დაფნის ძველ ნარგავებს, რომლებიც ქაოტურადაა გაბნეული მოსახლეობაში _ მათ მფლობელებს გვინდა მივაწოდოთ ზოგიერთი სახის რჩევა-დარიგებები და ის გასატარებელი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს დაფნის ექსპლუატაციას და გააუმჯობესებს ფოთლის ხარისხს.
უპირველეს ყოვლისა, დაფნის ინდივიდუალურ ნარგაობებში უნდა მოეწყოს მცენარეთა დათვალიერება-შემოწმება, პარალელურად ჩატარდეს შტამბისა და ვარჯის გაწმენდა ეკალ-ბარდისაგან.
თებერვალ-მარტში ნარგაობის ქვეშ ჩატარდეს ნიადაგის შებარვა-გაფხვიერება. ახალგაზრდა ნარგაობაში ერთ ხეზე 0.5 კგ. ხოლო ხნიერ ნარგაობაში 1,0 კგ. რთული მინერალური სასუქი NPK (ამოფოსკა) შეტანა. სასურველია ორგანული სასუქის (ნაკელი, ტორფ-კომპოსტი) _ ერთ ხეზე 20-40 კგ-ის შეტანა და ნიადაგის მულჩირება.
საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში (განსაკუთრებით, გურია-აჭარა) დაფნის ნაზ ყლორტებს და ფოთლებს აზიანებს სხვადასხვა სახეობის მჩხვლეტ-მწუწნი მავნებლები, აქვე ვითარდება სოკოვანი დაავადება, რომელთა წინააღმდეგ სასურველია, წამლობის პერიოდული ჩატარება სპეციალისტის რეკომენდაციით.
დაფნის ხნიერ ხეებზე მიზანშეწონილია ყოველ 2 წელიწადში მოსავლის აღება 2-3-წლიანი ტოტების აჭრით, ხოლო ყოველ 5-6 წელიწადში სასურველია მცენარეების უფრო მძიმედ გასხვლა ახალი იუვენილური ყლორტების განვითარების მიზნით.
ხშირია შემთხვევა, როცა დაფნის ნარგაობა გაშენებულია ღობეების გასწვრივ ან ცოცხალ ღობედ შეკრული შპალერის სახით. ნუ შეეცდებით მცენარის ფესვის ყელზე აჭრას, აქაც ნიადაგის ზედაპირიდან 1.5 მეტრის სიმაღლეზე აწარმოეთ. ე. წ. შპალერული გასხვლა 2 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის სათანადო დამუშავებით, განოყიერებითა და ნაზი ყლორტების შეწამვლის აგროტექნიკური ღონისძიებების გამოყენებით.
მჟავე ნიადაგებზე გაშენებულ დაფნის ნარგაობებში ყოველ 4-5 წელიწადში სასურველია ერთ ხეზე 10-15 კგ. კირის შემცველი ნივთიერებების შეტანა.
დაფნა ვერ ეგუება დაჩრდილვას _ იგი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, ამდენად, ეცადეთ, დაფნის ნარგაობა გაათავისუფლოთ ირგვლივ არსებული ნაკლებად ეფექტური მაჩრდილობელი მცენარეებისგან.
როგორი ნიადაგი დაგარემო სჭირდება დაფნას?
დაფნა ყველა ტიპის ნიადაგზე იზრდება, კარგია ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური ტიპის ნიადაგები, თუმცა, სათანადო ქიმიური მელიორაციის შემდეგ დაფნისთვის მისაღებია წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი.
დაფნა, შესაძლებელია, გაშენდეს, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებზე, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მცენარის მძლავრი ფესვთა სისტემა საუკეთესო პირობაა ეროზიული პროცესების შესამცირებლად.
ნედლეულის გარეგანი სახისა და მასში ეთერზეთების მეტი რაოდენობით დაგროვების მიზნით, უკეთესია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მდინარე რიონის გასწვრივ მდებარე ვაკე და შემაღლებული გორაკ-ბორცვიანი ადგილები. თუმცა, დაფნის სათანადო ყინვაგამძლეობა (-14;-16) მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ კულტურის გავრცელების ფართო შესაძლებლობებს იძლევა, როგორც იმერეთში, ისე გურიასა და აჭარაში.
როგორც წესი, დაფნის ახალი პლანტაციების გასაშენებლად ფართობი წინასწარ უნდა გაიწმინდოს ხე-ბუჩქნარისგან, თუ ფართობი ერთწლიანი კულტურების ქვეშაა დაკავებული, სეზონის მშრალ პერიოდში უნდა მოხდეს პლანტაჟური წესით 50 სმ სიღრმეზე დამუშავება მინერალური სასუქების NPK- 500 კგ/ჰა და ორგანული სასუქების (ნაკელი; ტორფ-კომპოსტი) ჰექტარზე 20 ტონის შეტანით. მჟავე ნიადაგებში, ნიადაგის პირველადი დამუშავების დროს, სასურველია, ქიმიური მელიორანტების (კირი, დოლომიტი, დეფეკაციური ტალახი) შეტანა მჟავიანობის ინდექსის მიხედვით.
ჭარბტენიან ადგილებში (კოლხეთის დაბლობი) უნდა მოვაწყოთ 8-10 მ. სიგანის ოვალური პროფილირებული კვლები. წყალგამყვანი გვერდითი არხებით. სასურველია, პლანტაჟური წესით დამუშავებული ფართობები ნიადაგის უკეთ გაკულტურების მიზნით 1-2 წელი გამოყენებული იქნას ერთწლიანი სათოხნი კულტურების ქვეშ.
გაშენების საუკეთესო ვადაა შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი) ან გაზაფხული (მარტი-აპრილი).
დაფნის სამრეწველო პლანტაციის გაშენება ხდება ორი წესით: მდიდარ ნიადაგებზე ინდივიდუალური (ბუჩქური) და მწირ ნიადაგებზე შპალერული წესით. ინდივიდუალური წესით გაშენების დროს რეკომენდირებულია მწკრივებს შორის მანძილი 1,75 ან 2,0 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,0 მეტრი. ასეთ დროს ერთ ჰექტარზე თავსდება შესაბამისად 5 700 და 5 000 ძირი ნერგი. შპალერული გაშენების დროს, მწკრივთა შორის მანძილი იგივეა, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 0,5 მ-ია. ასეთ შემთხვევაში, მცენარეთა რაოდენობა ორმაგდება 10 000-დან 11 500-მდე. ფერდობ ადგილებზე დაფნის მწკრივები განლაგდება ჰორიზონტალურად, ასევე, სასურველია წყალამრიდი არხების გაყვანა.
დაფნის პლანტაციები შენდება, როგორც თესლით, ისე ნერგით. თესლით გაშენების შემთხვევაში, წინასწარ დაგეგმილ მწკრივებში ამოიღება ბუდნები, სადაც 4-5 სმ. სიღრმეზე ითესება 3-4 დაფნის კონდიცირებული თესლი, მიწა იტკეპნება და ერჭობა მაჩვენებელი ჯოხი. ერთი ჰექტრის გასაშენებლად საჭიროა 50-80 კგ. თესლი.
პლანტაციის ნერგებით გაშენებისას მონიშნულ ადგილებზე ამოიღებენ 20-25 სმ. სიღრმის ორმოებს, დაფნის ნერგის ფესვებს ამოავლებენ წუნწუხში, რგავენ, ტკეპნიან, საჭიროების შემთხვევაში, რწყავენ კიდეც.
პლანტაციების ნერგებით გაშენებას აქვს უპირატესობა, პირველ ორ წელიწადს იოლდება ახალგაზრდა მცენარეების მოვლა და რაც მთავარია, ნარგაობა 1-2 წლით ადრე შედის ექსპლოატაციაში. უმჯობესია სარგავ მასალად გამოყენებული იქნას წინასწარ პოლიეთილენის პარკებში, ან რეზინის კონტეინერებში მიწის კომით გამოყვანილი ნერგები. ამ დროს მაღალია გახარება და მინიმუმამდეა მეჩხერიანობა.
დაფნის სამრეწველო პლანტაციების გასაშენებლად აუცილებელია სერტიფიცირებული სანერგეების მოწყობა, რომელიც სახელმწიფო თანადაფინანსებით იქნება უზრუნველყოფილი.
სასურველია, სანერგეები მოეწყოს რეგიონების მიხედვით, რითაც გაიოლდება სარგავი მასალის რეალიზაცია, თუმცა, შესაძლებელია, უკვე მოქმედ სერტიფიცირებულ სანერგეებშიც დაიწყოს დაფნის სტანდარტული ნერგების წარმოება.
მაღალმოსავლიანი და მაღალი ზეთის შემცველობის დაფნის სამრეწველო პლანტაციების გაშენების დროს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სათესლე მასალისა და ნერგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. დაფნის თესლი უნდა დამზადდეს წინასწარ აპრობირებული, ნორმალურად განვითარებული ჯანსაღი მდედრობითი სქესის სადედე ხეებიდან.
დაფნის თესლი იკრიფება ოქტომბერ-ნოემბერში. სასურველია, იმავე წელს თესლის თესვა სანერგე პლანტაციის გასაშენებლად. თუ თესლი არ ითესება, საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იანი ტენიანობის სილაში და მოთავსდეს ხის ყუთებში.
შენახული თესლი ითესება გაზაფხულზე 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.
როგორც სანერგეში, ისე პლანტაციაში აღმონაცენების მზის სხივების სიდამწვრისგან დასაცავად მიმართავენ სპეციალური საჩრდილობლების ან მცენარეული ტოტების გამოყენებას.
ზაურ გაბრიჩიძე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
იოსებ ბასილია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი