მსოფლიო ლიდერები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებენ. ჯონსონს 27 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მსოფლიო ლიდერები ბორის ჯონსონისადმი მხარდაჭერის წერილებს, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” აქვეყნებენ.
„ამერიკელი ხალხი ვლოცულობთ ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელებისთვის, ის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარია,“_ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა, დიდ ბრიტანეთს ბორის ჯონსონის მკურნალობაში დახმარება შესთავაზა და აშშ-ის წამყვან კომპანიებს დაავალა, „დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ლონდონს“.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ბორის ჯონსონი ვირუსს სხვანაირად უყურებდა.
„ვფიქრობ, ბორისი ამას სხვანაირად უყურებდა. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ვირუსს აიცილებდა, მაგრამ შემდეგ ხედავთ, რა იწყება და როგორი გასაოცარი რიცხვებია,“– აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ანგელა მერკელმა ბრიტანეთის პრემიერს კლინიკის მალე დატოვება უსურვა.
,,ძლიერია და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, კლინიკას მალე დატოვებს”,_ წერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“
ბორის ჯონსონს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა საფრანგეთის პრეზედენტმა ემანუელ მაკრონმაც.
„ჩემი მხარდაჭერა ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ დროს. ვუსურვებ მას, მალე გადალახოს ეს გამოცდა“, – წერს მაკრონი „ტვიტერში“.
ასევე მხარდამჭერას უცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტეც.
„ჩემი ფიქრები ბორის ჯონსონსა და მის ოჯახთან არის. მე მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“_ წერს კონტე სოციალურ ქსელში
ბრიტანეთის პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტეც.
„ჰოლანდიის მინისტრთა კაბინეტის სახელით ბორის ჯონსონს, მის ოჯახსა და ბრიტანელ ხალხს ამ რთულ პერიოდში სიძლიერეს ვუსურვებ. იმედი მაქვს, მალე მექნება მასთან საუბრის შესაძლებლობა,“– წერს რუტე „ტვიტერში“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს „სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს“ კანადელი კოლეგა ჯასტინ ტრუდო.
ასევე, კლინიკაში მყოფ ჯონსონს მხარდაჭერას უცხადებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდა მოდი.
„გამძლეობას გისურვებ, იმედი მაქვს მალე სრულიად გამოჯანმრთელებული დატოვებ საავადმყოფოს,“– აღნიშნულია მოდის „ტვიტერის“ პოსტში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვან დერ ლეიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელიც.
ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონის მოვალეობას, დროებით საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს.