ჟურნალისტი და პოეტი თამაზ ხარაიშვილი სოციალურ ქსელში ქართული დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას ავრცელებს.
“(ჩემმა უმცროსმა მეგობარმა და ტომით გურულმა ანა ბაქანიძემ მთხოვა დამეწერა მოგონება 14 აპრილის მოვლენებზე. ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო და ვისაუბრო, მით უფრო, ვერ გავაწბილებდი ანას, რომელიც ამ ორიოდ წლის წინ გავიცანი, როცა წიგნისათვის 14 აპრილის მოვლენების მონაწილეთა და თვითმხილველთა მოგონებებს აგროვებდა.. ეს კრებული გამოვიდა, სქელტანიანი წიგნია და “14” აპრილი” ეწოდება. ის რაც გავიხსენე იმ მშფოთვარე დღეებზე, ამ წიგნშია მოცემული, მაგრამ _არა ყველაფერი)…
ყველაფერი კი დაიწყო ასე: აპრილის დასაწყისი იყო, 5 თუ 6 სტუდენტი ვიდექით თსუ-ს პირველი კორპუსში რუსთაველის კაბინეტის წინ და ვსაუბრობდით (რამდენიმე ასეთი “საფიხვნო” გვქონდა პირველი კორპუსის სართულებზე)… ჩემმა ჯგუფელმა ნუგზარ ლეჟავამ თქვა: “_ ენას რომ გვართმევენ, წავუყრუოთო”.. ვითათბირეთ და გადავწყვიტეთ, უფროსებისათვის გვეთხოვა რჩევა, თუ რა გზას დავდგომოდით. აკაკი ბაქრაძე თბილისში არ აღმოჩნდა, წავედით მწერალ რევაზ ჯაფარიძესთან სახლში და მან მოგვისმინა და გვირჩია, საპროტესტო პეტიცია შეგვედგინა და მასზე სტუდენტებს მასობრივად მოეწერათ ხელი.. ასეც მოვიქეცით… კონსულტაციებზე ვიყავით, აგრეთვე, ჩვენს პედაგოგებთან გრივერ ფარულავასთან, ზურაბ ჭუმბურიძესთან, რევაზ სირაძესთან, თემურ მაღლაფერიძესთან, ტარიელ კვანჭილაშვილთან, დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება , სხვა უმაღლესი სასწავლებლებიც აგროვებდნენ ამგვარ ხელმოწერებს… რამდენჯერმე დაგვიბარეს ორგანიზატორები უნივერსიტეტის პარტკომსა და დეკანატში, რომ შეგვეწყვიტა ეს პროტესტი, შევარდნაძეც კი მოვიდა უნივერსიტეტში და სტუდენტებს შეხვდა, მაგრამ ვიზიტს შედეგი არ გამოუღია… (რადგან ყველაფერი ზემო- ხსენებულ წიგნშია მოცემული, ასევე, ნოდარ გიგალაშვილის ინტერვიუში, რომელიც 1993 წლის მარტში გამოქვეყნდა გაზეთ “ახალგაზრდა ივერიელში”) დამატებით ვიტყვი იმ ვითარებაზე, რომელიც 14 აპრილის მოვლენებს უძღოდა წინ და ძლიერ მუხტს წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის გაღვივების საქმეში… ეს გახლდათ აკაკი ბაქრაძის ლექციების კურსი, რომელსაც, თუ კარგად მახსოვს, “დრამატურგის ოსტატობა” ერქვა და რომელსაც ბატონი აკაკი თსუ-ს მეექვსე, ე. წ. ჟურნალისტების კორპუსის ლაბორატორია-აუდიტორიაში კითხულობდა. პირველად მას ათიოდე სტუდენტი ესწრებოდა, შემ დეგ უსასრულოდ იწყო მატება მსმენელთა რაოდენობამ, კიბეებზეც კი იდგა ხალხი აუდიტორიის გარეთ, რექტორატი იძულებული გახდა ლექცია მეორე კორპუსის უზარმაზარ აუდიტორიაში გადაეტანა, ლექციებზე დასწრების მსურველთა რიცხვი კი სულ იზრდებოდა და იზრდებოდა, მოდიოდნენ სხვა სასწავლებლების სტუდენტები, არასტუდენტებიც….ეს იყო ეროვნული თვითშეგნების გაღვიძების დიდი კერა, მალე ეს ლექციები აკრძალეს კიდეც, მაგრამ ვერ ჩააქრეს პატრიოტიზმის ის ცეცხლი, რომელიც აქ დაანთო აკაკი ბაქრაძემ..მისი თავისუფლების წყურვილის სულისკვეთებით გაჟღენთილი იდეები იყო ერთი დიდი შენაკადი იმდროინდელი ქართული ეროვნული თვითშეგნების მდინარებისა…დიდი გამოღვიძების ტალღა.
მეორე მომენტი, რასაც უნდა გავუსვა ხაზი, ის არის, რომ 14 აპრილი იყო ერთიანობის გამოხატულება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისა და სწორედ ახალგაზრდების აქტიურობამ განაპირობა მისი შეუპოვარი და შეუქცევადი ხასიათი. ეს იყო სახალხო მღელვარების აზვირთება, რომელიც დაცლილი იყო პარტიული თუ სხვა პოლიტიკური ქვენა ზრახვებისაგან და ერთი , სანუკვარი იდეის გარშემო იყო კონსოლიდირებული, ეს იყო წმიდაწმიდა ვალდებულება დაეცვათ “დედა-ენა”.
მესამე მომენტი, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, გახლდათ ის, რომ 14 აპრილის მოვლენებს ტალღისებურად მოჰყვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გააქტიურება, თბილისში ხდებოდა ახალ-ახალი იატაკვეშა ორგანიზაციების დაარსება და ამოქმედება….ჩვენც გვქონდა ანალოგიური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ თემურ ქორიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ ნუცუბიძე, თამაზ ბაძაღუა, დავით აქუბარდია, ლია ბედოშვილი, თამარ მახარობლიძე …. სხვები, ახლა ,სახელდახელოდ, არ მახსენდება… ვიკრიბებოდით სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ჩემს ბინაში, ჯანაშიას 24_ში, სადაც ვსახლობდი სტუდენტობისას…..გასახსენებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ისედაც “გამექცა ყანა” და აქ შევჩერდები. ანას უარს ვერ ვეტყოდი ვერაფრით, მით უფრო ახლა, როცა კორონამ და კარანტინ-იზოლაციამ კლავიატურაზე ჭახუნის დრო შეუზღუდავად მოგვცა და ბევრი ყავს “წერას ატანილი…”_ წერს თამაზ ხარაიშვილი.