მამა გიორგი (ვაშალომიძე) სოციალურ ქსელში სააღდგომო ლიტურგიაზე ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„რა თქმა უნდა, არავინ ამბობს იმას, რომ ,,მღვდლები ავად არ ხდებიან, ეკლესიაში არ შეიძლება დაინფიცირდე” და სხვა. ეს უკიდურესი ამპარტავნებაა. ქრისტიანობა ოქროს შუალედია. ამიტომაც ვიცავთ დისტანციებს და ვასრულებთ რეკომენდაციებს მოსული მრევლისთვის. საქმე ძალიან მარტივადაა: ვისაც არ უნდა ტაძარში წასვლა, ვინც ,,რისკ ჯგუფშია”, ვისაც არ შეუძლია ფეხზე დგომა 10 საათის განმავლობაში, ან ვისთვისაც აღდგომა მხოლოდ ,,რიტუალია” და პასქითა და წითელი კვერცხით განისაზღვრება, ან ვინც ტაძარში მხოლოდ სანთლის დასანთებად ან მეგობარ-ახლობლების სანახავად მიდის, ვინც მორწმუნეა, უნდა წასვლა, მაგრამ ფიქრობს რომ ტაძარში მისვლა საფრთხის შემცველია (და ასეთნი ბევრნი არიან და მე მათ აზრს დიდ პატივს ვცემ და გაგებით ვეკიდები)- ნუ წავა. ეს მათ ცოდვაში ნამდვილად არ ჩაეთვლებათ. ილოცონ სახლიდან, როგორც თავად ამბობენ. ღმერთი ჭეშმარიტად ყველგან ჰგიებს, მათ შორის ჩვენს სახლებშიც… მაგრამ ადამიანებს, რომელთაც სურთ ტაძარში იზეიმონ ეს დღესასწაულთადღესასწაული და ამისთვის მზად არიან ყველა წინააღმდეგობა გადალახონ, რეკომენდაციების სრული დაცვით დადგნენ წირვაზე, ეზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს – მოვიდნენ და დადგნენ, მათივე რწმენის შესაბამისად. სახარების თანახმად, ხომ, ყველას თავისი რწმენისაებრ მიეგება. სამწუხაროდ, დღეს რწმენას ფანატიზმის მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორი რწმენა ფანატიზმს გამორიცხავს. სწორი რწმენა, უფლის სიტყვების თანახმად, ,,მთებს ძრავს”. ტაძარში წამსვლელნიც და არწამსვლელნიც ერთი ქრისტეს შვილები ვართ. ერთმანეთის ,,დაჭმის” ნაცვლად ერთად ვილოცოთ და გულმხურვალედ შევევედროთ ღმერთს ხსნა… წმინდა პავლე მოციქულის მიერ მარხვის შესახებ საუბარს თუ ჩვენი მსჯელობის ,,კონსტექტში” განვიხილავთ, კარგად გავიგებთ… აი რას ბრძანებს ის: ,,ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს, ხოლო ვინც არ ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი… ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისთვისვე არ ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს. ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს… მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს”/რომაელთა მიმართ მე14 თავი/. რასაც გავაკეთებთ, მთავარია ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულით გავაკეთოთ, ერთმანეთის ლანძღვას მოვეშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც სახლში შეისმენს ღმერთი ჩვენსას და არც ტაძარში… აღდგომის მადლი გფარავდეთ ჩემო უსაყვარლესებო! ჩვენი უპირველესი და უმთავრესი მაკურნებელი განკაცებული, ჩვენთვის მომკვდარი და აღდგომილი ღმერთია!“ – წერს მამა გიორგი ფეისბუქზე.